ახალქალაქის რაიონის სოფელ ბალხოში ნაპოვნია ხაჩქარი. ის ორმა 14 წლის გოგონამ სოფლის ბოლოში, სოფელ ზაქში მიმავალ გზაზე აღმოაჩინა. ექსპერტების პირველადი შაფასებითა და ფოტოს მიხედვით, საფლავის ქვა მე-7-8 საუკუნეებით თარიღდება.
რამდენიმე დღის წინ სოფელ ბალხოში ორმა გოგონამ ხაჩქარი შეამჩნიეს და მშობლებს შეატყობინეს. მშობლებმა ხაჩქარი სიფრთხილით ამოთხარეს და იქვე მიასვენეს.
“ხაჩქარი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ორმა 14 წლის გოგონამ. მათ მშობლებს შეატყობინეს, რომლებმაც ხაჩქარი მიწის ქვეშიდან ამოთხარეს. მათი აზრით, ეს მთლიანი ხაჩქარი არ არის. ჯერ არავისთვის გვიჩვენებია ის, ახლა ისევ იქ არის, სადაც აღმოაჩინეს”,- Jnews-თან საუბარში თქვა სოფელი ბალხოს მცხოვრებმა.
ექსპერტების წინასწარი ინფორმაციით, ნაპოვნი არის საფლავის ქვის ფილა. ერთი შეხედვით მე-7-8 საუკუნეების ძეგლს გავს. თუმცა ზუსტი თარიღის დასადგენად აღნიშნული ძეგლის სერიოზული გამოკვლევა არის საჭირო.
ხაჩქარ- სომხური არქიტექტურული ძეგლების სახეობაა და სიწმინდე, ეს არის ქვის ფილა ჯვრის სხვადასხვა გამოსახულებით. სიტყვა “ხაჩქარ” წარმოიქმნა სომხური სიტყვებიდან, “ხაჩ”-ჯვარი, და “ქარ”-ქვა. ძირითადად ხაჩქარი ვულკანური ბაზალტის ან ტუფისგან კეთდება. “ქვაჯვარის” ქვედა ნაწილში გამოსახულია მზის სიმბოლო (მარადისობა), რომლის ცენტრში გამოსახულია ჯვარი, როგორც ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლო. ხაჩქარი შემოსაზღვრულია ხუთი მაქმანისებრი ნახშით ან ყურძნისა და ფოთლების გამოსახულებით, რაც ქრისტეს აღდგომის სიმბოლიკას ატარებს.
ხაჩქარი საფლავის ქვის ძეგლია და რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის საპატივცემოდ იქმნებოდა, მაგალითად ბრძოლაში გამარჯვება, ტაძრების, მონასტრების და წყალსაცავების მშენებლობა. მათ წმინდა ადგილებში, სასაფლაოებზე, გზების ნაპირზე, ასევე მაღლობებსა და კლდეებზე ათავსებდნენ. ზოგან, მაგალითად, გეღარდში, ქვის უნიკალურ მონასტერში, ხაჩქარები მოთავსებულია კედლებზე. ხაჩქარი ითვლება წმინდა ქვად, ხოლო ადგილები, სადაც ისინი არის მოთავსებული სიწმინდეა. ქვაჯვარების დიდი რაოდენობა მე-12-13 საუკუნეების განმავლობაში აშენდა. ყველა დროის დიდებული ოსტატები, მომიკ და პოღოსი ზუსტად ამ პერიოდში აშენებდნენ უნიკალურ შედევრებს- ხაჩქარებს.
ვიდეო და ფოტოები Jnews-ს სოფელი ბალხოს მცხოვრებმა მიაწოდა.