დღეს, 10 სექტემბერს, ახალქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები  გაზის მრიცხველზე არსებულ ჩვენებას აპროტესტებდნენ, რომელიც, მათივე თქმით, არ შეესაბამება მათ მიერვე მოხმარებული ბუნებრივი აირის ფაქტობრივ რაოდენობას. ბუნებრივი აირის პრობლემა აქციის მონაწილეებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანმა, სხვა პრობლემებმა ჩაანაცვლა.

აქციის მონაწილეებმა მერის მოადგილე არმენ მარანგოზიანს წერილობითი განცხადებით მიმართეს,  რომელსაც ხელს 14 ადამიანი აწერს. თავის მხრივ, მერის მოადგილემ პროტესტის მონაწილეებს ურჩია ამ პრობლემით გაზგამანაწილებელ კომპანის ( SJGC) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართონ.

akciya1

JNEWS-თან საუბარში საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა:

“ბუნებრივი აირის პრობლემასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ. ჩვენს თხოვნებს ყოველთვის აიგნორირებენ, არ გვპასუხობენ. ბუნებრივი აირის მრიცხველების მაჩვენებლები არასწორად რეგისტრირდება, უბრალო მოქალაქემ ყოველთვის მეტი უნდა გადაიხადოს. სახლში ბუნებრივი აირის ყოველი წერტილისთვის დამატებით გადავიხადოთ, რატომ? ეს არაკანონიერია”.

“ვეჭვობ, ბუნებრივი აირის მრიცხველს ბევრჯერ ატრიალებენ, ბუნებრივ აირს ჰაერს ურევენ, მრიცხველები ჰაერის ციფრებს ითვლის”, – ამბობს პროტესტის სხვა მონაწილე.

პროტესტის მონაწილეები სხვა პრობლემებზეც საუბრობდნენ, მაგალითად, სოფლის და ახალციხის გზების ცუდ მდგომარეობაზე. შეკითხვაზე, რატომ ზუსტად ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, რატომ გაუჩნდათ გამოხატვის სურვილი- პროტესტის მონაწილეები ვერ გვპასუხობდნენ და მალევე მიდიოდნენ.

გაზგამანაწილებელი კომპანიის პასუხი

JNEWS-თან საუბრისას,  გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რაზმიკ გუმაშიანმა განაცხადა, რომ მათთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ აქვს.

“ჩვენთვის არავის მოუმართავს, ამ საუბრების შესახებ არ მსმენია, ჩვენს მრიცხველებს სტანდარტები აქვს გავლილი, ვინც მოგვმართავს ჩვენი წარმომადგენლები რიგრიგობით გადიან ადგილზე და ამოწმებენ. ძირითადად, მრიცხველებს სწორი ჩვენება აქვთ, ათასიდან ერთი არასწორი შეიძლება იყოს, მსგავს შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვითვლით”,- განაცხადა JNEWS-თან სატელეფონო საუბარში რაზმიკ გუმაშიანმა.

akciya2

პროტესტის პოლიტიკური ქვეტექსტი

საპროტესტო აქციის შემდეგ, JNEWS-ის რედაქციას მოქმედი დეპუტატი და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი, ენზელ მკოიანი დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ეს საპროტესტო აქცია მიზნად ისახავდა მისი და გაზგამანაწილებელი კომპანიის სხვა თანამფლობელებისთვის ჩრდილის მიყენებას.

“ეს ყველაფერი ორგანიზებულია. ორგანიზება გაუკეთა დილისკის მცხოვრებმა ნვერმა, გაგომ, რომელიც გაზკომპანიაში მუშაობდა, 30-40 ადამიანი მოიყვანა მერიაში საჩივრით, რომ მრიცხველები ბევრს წერს, ეს წინასაარჩევნო ბინძური თამაშია. მთელ მსოფლიოში, გაზიფიკაცია  საზეიმოა, მეზობელ ასპინძას, ადიგენს, ახალციხეს, წალკას ბუნებრივი აირი არ აქვს, ხოლო ჩვენ გავიყვანეთ, ისინი კი ამას აკეთებენ. განა ასე შეიძლება?

მე ვაცხადებ, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი, სადაც ჩვენი ავტორიტეტით თამაშობენ. ისინი ყვირიან, – მრიცხველები ბევრს წერსო. თუკი მრიცხველი ზედმეტს წერს მას გაზის კომპანია ექსპერტიზაზე გზავნის. არ ვიცი, მოწინააღმდეთაგან ვინ არის ჩარეული, შეიძლება ყველა გაერთიანდა. ეს ძალიან ცუდია, რომ ისინი დღეს ბიზნესს ავიწროებენ”, – აცხადებს ენზელ მკოიანი.

მისივე თქმით, ის უკვე ესაუბრა გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორ არამ სანოსიანს, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის თანამფლობელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დახურონ ყველაფერი და განზე გადგნენ.

“ეს ჩვენი საკუთრებაა. ვნახოთ, რას ვიზამთ. ვინ რას გვაიძულებს? თუკი ჩვენთან ბინძური მეთოდებით იბრძვიან  და ჩვენი გმირული საქციელის ტალახში ამოსვრა სურთ, მაშინ, ჩვენ ავდგებით და წავალთ. დაე, მივიდეს საქმე სასამართლომდე და სასამართლომ გადაწყვიტოს, რა და როგორ გაკეთდეს”, – ამბობს ენზელ მკოიანი.

akciya3