ახალქალაქში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის დამოუკიდებელ კანდიდატად გასვლის წინასაარჩევნო აგიტაცია, მოულოდნელად, გუშინ დაიწყო.
უკვე საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ 31 ოქტომბერს, საქართველოში დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის, მმართველი პარტიის ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ენზელ მკოიანიც იქნება. თუმცა, ამჯერად კანდიდატი კენჭს დამოუკიდებლად, მმართველი პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მხარდაჭერის გარეშე იყრის. აღსანიშნავია, რომ წელს “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი კანდიდატის სახით ენზელ მკოიანის ნაცვლად, პარლამენტის იმავე პარტიის მოქმედი დეპუტატი, რომელიც პროპორციული სისტემით შეირჩა, სამველ მანუკიანი წამოაყენა.
“მე რეგისტრაცია თბილისში გავიარე, უკვე არის დასტური, რომ მე ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატის ოფიციალური დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ. როგორც ცესკო-ში თქვეს, ასეთი დამოუკიდებელი კანდიდატი სხვა არავინ არის. ყველა პარტიას წარმოადგენს”,- JNEWS-თან ინტერვიუში განაცხადა ენზელ მკოიანმა.
დეპუტატის თქმით, გუშინდელი შეხვედრა მის მომხრეებთან და ამომრჩევლებთან სპონტანურად შედგა. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გუშინ, პირველ შეხვედრასთან ერთად, ფაქტიურად მისი წინასაარჩევნო კამპანიაც დაიწყო.
“გუშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა სიურპრიზი მომიწყეს. არ ვიცოდი, სახლში ვიჯექი. დილით 9 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ 40 მანქანით სხვადასხვა სოფლიდან 40-50 ახალგაზრდა შეიკრიბა. როდესაც მივედი, იქ სხვადასხვა სოფლიდან დაახლოებით 200 ადამიანი მე მელოდებოდა. არ ვიცი, ვინ გაუკეთა ორგანიზება, მაგრამ ხალხი მოვიდა იმის სათქმელად, რომ “რადგან გაიარეთ რეგისტრაცია და თქვენი კანდიდატურა წამოაყენეთ, თქვენ გვერდში ვართ”. ისინი სოფელ ხოსპიოს მახლობლად, ბენზინგასამართ სადგურთან შეიკრიბნენ, შემდეგ ჰესთან თავისუდალ, ღია სივრცეში გადავედით, და შეხვედრა იქ გაიმართა. სიტყვით სხვადასხვა სოფლის, დილისკის, კუმურდოს, ოროჯალარის მკვიდრნი გამოვიდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ახალგაზრდობა, ჩემს გვერდში დგას, და 21 წლის განმავლობაში გაკეთებულ სამუშაოებს არ ივიწყებს. ეს კარგი ორმხრივი შეხვედრა იყო”,- თქვა ენზელ მკოიანმა.
დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, სოფლებში შეხვედრები რამდენიმე დღეში დაიწყება.
“ორ დღეში, როგორც კი შტაბების რემონტს დავამთავრებთ, გავხსნით. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, ორ ადგილას ახალქალაქში და ორ ადგილას ნინოწმინდაში, დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. სოფლებში ერთხელ კი არა, ორჯერ ვაპირებთ მისვლას”,-დაასკვნა მან.