დღეს, 4 სექტემბერს, ბრიფინგის დროს, ენზელ მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპუტატის მიმართ ახალი მუქარების შესახებ განაცხადა.
მურმანიშვილის თქმით, 30 აგვისტოს, გამომძალველები პოლიტიკოსს კვლავ დაუკავშირდნენ და 5 მლნ დოლარი მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ახლობლის “წართმევით” დაემუქრნენ. მკოიანს ასევე უთხრეს, რომ ამ ყველაფრის უკან გავლენიანი პიროვნება დგას, რომელსაც დეპუტატის წრეში კავშირები აქვს.
“30 აგვისტოს, ღამის 23:19 საათზე, ენზელ მკოიანს იგივე ნომრიდან დაურეკეს, რომლიდანაც ადრე ემუქრებოდნენ და თანხას ითხოვდნენ. კვლავ კავკასიური კილოს მქონე ხმამ, რუსულ ენაზე ჰკითხა: “რას აპირებ?! იხდი თუ არა იმ თანხას, რომელსაც ვითხოვთ?”
საუბარია 5 მლნ დოლარზე. თუ არ გადაიხდი, ხომ იცი, ახლობელ ადამიანს წაგართმევთ და მას ვერასდროს ვეღარ ნახავ. ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს: “ხომ ხედავ, არ ვხუმრობთ, შენი ძმის მანქანა ავაფეთქეთ. ერთ კვირას გაძლევთ, ან გადაიხადეთ, ან ახლობელ ადამიანს წაგართმევთ”,- თქვა ადვოკატმა.
JNEWS-თან სატელეფონო საუბარში ენზელ მკოიანმა იმავე ადამიანების განმეორებითი მუქარა დაადასტურა.
“მათ მითხრეს- “ვერც კი წარმოიდგენ, რა გავლენიან ადამიანს უნდა ეს, რომ იცოდე”, ასევე მითხრეს, რომ ის ხალხი ვინც ჩემს გარშემო არის, ჩემი ხალხი კი არ, თავიანთია. მე ეს თანხა არ მაქვს, რომ გავუგზავნო. მე მათ ვუთხარი, რომ ასეთი თანხა არ გამაჩნია, მათ მითხრეს- გაყიდე ყველაფერი, რაც გაქვს, ბენზინგასამართი სადგურები, და მთლიანი თანხა გამოაგზავნე, ამისათვის 5-10 დღეს გაძლევთო. რა თქმა უნდა, ახლობლების გამო ვშიშობ, ჩემი თავისთვის არ მეშინია. ახალგზარდები მოდიან, გუშინ სოფელ სათხადან 30 ახალგაზრდა ბიჭი იყო მოსული, მითხრეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დღე-ღამეში, 24 საათი იდგებიან ჩემთან და იდარაჯებენ, დღეს 20 ბიჭი სოფელ ოროჯალარიდან მოვიდა, მითხრეს, უკან არ დავიხიო, რომ ჩემს გვერდით არიან. უბრალოდ ხალხი მაიმედებს, ამიტომ ბოლომდე წასვლა გადავწყვიტე”- განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა.
ბრიფინგზე, ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყების მუშაობით უკმაყოფილოა და “გამოძიება არაფერს აკეთებს”.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომელიც გამოქვეყნებული იქნება, იმ შემთხვევაში თუ ის ან მისი ახლობლებიდან ვინმე მოკლული ან გატაცებული იქნება. ადვოკატის თქმით, ამ ჩანაწერში მკოიანი ეჭვმიტანილების სახელებს ასახელებს.
ენზელ მკოიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სახით მისი წამოყენება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, საქართველოში დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ენზელ მკოიანის ნაცვლად, სამველ მანუკიანი წამოაყენა. აღსანიშნავია, რომ ენზელ მკოიანი, 1999 წლიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.
2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ “ქართული ოცნების” პარტიიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქის საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელი დეპუტატის სახით საკუთარი კანდიდატურის რეგისტრაციისათვის საბუთები შეიტანა.
ამას წინათ, 2020 წლის აგვისტოში, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ენზელ მკოიანს ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან, და მისი “პოლიტიკიდან გასვლას” ითხოვენ. რამდენიმე კვირის შემდეგ, ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის, მარტუნ მკოიანის, მანქანის აფეთქება სცადეს. დაიწყებულია გამოძიება.
ენზელ მკოიანის ადვოკატის თქმით, მას მკვლელობით ემუქრებიან
ენზელ მკოიანის შანტაჟის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის მანქანის აფეთქება სცადეს