სამცხე-ჯავახეთის პოლიციის განყოფილებამ ენზელ მკოიანის შანტაჟის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181–ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვას გულისხმობს, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნების გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები.

აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 10 აგვისტოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა ბრიფინგზეგანაცხადა, რომ ენზელ მკოიანის მუქარის შემცველი ტექსტებით ორჯერ დაურეკეს. „ეუბნებიან ჩამოშორდეს პოლიტიკას და მათ მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომრებზე 5 მილიონი დოლარი დარიცხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან“, – აცხადებს მურმანიშვილი.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. იგი ორჯერ საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ორჯერ საკანონდებლო ორგანოში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით შევიდა, 2016 წლიდან კი „ქართული ოცნებას“ წარმოადგენს. 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა მკოიანი მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ დაასახელა.