საქართველოში 2022 წლის 9 თვის განმვალობაში რამდენი დანაშაული დაფიქსირდა, რამდენია გახსნილი და როგორია ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2021 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, წელს რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობა 4,06%-ით შემცირდა და საერთო ჯამში 42 012 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 1 780-ით ნაკლები დანაშაულია. გასულ წელს დანაშაულთა 42,62% გაიხსნა, წელს კი – 57,9%.
„სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან“ (სსკ-ის 108-116-ე მუხლები), როგორც 2021, ისე 2022 წელს, თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობის მცდელობის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 2022 წლის 9 თვის განმავლობაში „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით (სსკ-ის 115-ე მუხლით) 1 017 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 411-ით (28,78%-ით) ნაკლებია. 2022 წლის 9 თვის განმავლობაში „სიცოცხლის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებს“ შორის განზრახ მკვლელობის 35 შემთხვევა (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი) დაფიქსირდა, რომელიც 2-ით ნაკლებია 2021 წელთან შედარებით. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 21 შემთხვევაა (მუხლი. სსკ-ის 109-ით) აღნიშნული – 2-ით მეტი გასულ წელთან შედარებით. 55 მკვლელობის მცდელობის შემთხვევაა (სსკ-ის 19-108-ე მუხლები) – გასულ წელთან შედარებით 16-ით ნაკლები.
„ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს“ შორის (სსკ-ის 117-121-ე მუხლები) ყველაზე მეტი ოჯახში ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა: 2021 წელს – 3 925, 2022 წელს – 3 064. წელს 861-ით ნაკლები შემთხვევაა დაფიქსირებული.
2022 წელს უფრო მეტი გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა: გასულ წელს გაუპატიურების 133 შემთხვევა იყო (სსკ-ის 137-ე მუხლი), წელს – 137.
„საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს“ შორის (სსკ-ის 177-189 მუხ.) პირველ ადგილს ქურდობა (მუხ. 177) იკავებს. გასულ წელს 12 461 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 4 067 გახსნილია, წელს კი 12 641 – 6 605 გახსნილი. გასულ წელთან შედარებით ქურდობის 180-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.