ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 120 048 ლარი, რათა სოფელ კარტიკამის წყალგაყვანილობის ასბესტის მილები პლასტმასისაზე შეიცვალოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის ნაწილს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ყოველთვის ჰქონდა სასმელი წყლის პრობლემა, რადგან ეს მონაკვეთი შედარებით აღმართზეა განლაგებული.
სოფელ კარტიკამში მერის წარმომადგენლის შალო ელიზბარიანის თქმით, წყალგაყვანილობა წლებია ემსახურება სოფელს, მაგრამ ვინაიდან მილები ასბესტისაა, იქ წარმოიქმნა ბზარები, იკარგება წყალი და შესაბამისად წყლის წნევა იკლებს, რის შედეგადაც სოფელში ხშირად არ არის საკმარისი სასმელი წყალი.
მერის წარმომადგენლის მტკიცებით, პროექტი ჯერ კიდევ 2019 წელს შეადგინეს და მილების შეცვლის სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს.
მოსახლეობის თქმით, მილებზე არსებული ბზარების გამო, წყლის დიდი რაოდენობა გზად იკარგება.
– «შარშან მერიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ნაკვეთი დაათვალიერეს. შემდეგ შეადგინეს პროექტი», – ამბობს შალო ელიზბარიანი.
ჯამში, სულ გარემონტებული იქნება წყალსადენის 2,2 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სოფლის ამ ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს.
სოფლის წარმომადგენლების თქმით, ამჟამად მხოლოდ თანხაა დამტკიცებული. ის თუ როდის დაიწყება სამუშაოები ცნობილი გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოაცხადებენ ტენდერს.