ამირანის გორა ახალქალაქელებისთვის მწვანე ზონაა, სადაც, სუფთა ჰაერზე უყვართ თავისუფალი დროის გატარება. მაგრამ ქალაქის სასაფლაო თანდათან იზრდება და მეტი ადგილი მიაქვს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სასაფლაოსთვის ახალი ტერიტორიის გამოყოფაზე დაფიქრდა.
გიგოს გორა ერთადერთი დასასვენებელი ადგილია ქალაქ ახალქალაქში. ბორცვის თავზე არის სალოცავები, სადაც მომლოცველები დადიან. გორას მახლობლად მდინარე თაფარვანი მიედინება. ერთ დროს აქ, სპეციალური ადგილები იყო, სადაც მატყლს რეცხავდნენ და ბავშვებს აბანავებდნენ. გიგოს გორას ძირში კი, ქალაქის სასაფლაოა, სადაც მე-19 საუკუნიდან დაკრძალულნი არიან სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები. წლების განმავლობაში სასაფლაო ფართოვდება და სულ უფრო მეტ გამწვანებულ ტერიტორიას იკავებს. წლეულს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეჩერებინა სასაფლაოს სარეკრეაციო ზონამდე გაფართოება. სასაფლაოსთვის სხვა ტერიტორიის გამოყოფა გადაწყდა.
როგორც ახალქალაქის მერი, მელკონ მაკარიანი ამბობს, ძველ სასაფლაოზე დაკრძალვის აკრძალვას არავინ აპირებს, როგორც მოსახლეობა ამბობს. ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე თუ არის შესაბამისი ადგილი, შეიძლება მიცვალებული დაკრძალონ, მაგრამ ახალი ადგილების დაკავება აღარ იქნება შესაძლებელი. სასაფლაო ვერ გაფართოვდება. ამავდროულად, საუბარია გიგოს გორასთვის (ე.წ თავშანკა) რეკრეაციული და დასასვენებელი ფუნქციის შენარჩუნებაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სასაფლაო, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს და ქალაქის გამწვანებული ზონა მიაქვს. ეს მოსახლეობის ბრალი არ არის, რადგან როცა ადამიანი, ღმერთმა ნუ ქნას, კვდება, უნდა დაიკრძალოს. იმისათვის, რომ შევაჩეროთ სასაფლაოს ტერიტორიის გაფართოება, უნდა მოვნახოთ ალტერნატიული ადგილები, ვფიქრობთ ამაზე, ეს ტერიტორიები მუნიციპალურ ბალანსზე არ არის, ანუ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ვაპირებთ მივმართოთ მათ, რომ ეს ტერიტორიები მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდეს”.
ქალაქის მერი ჯერჯერობით კონკრეტულ ადგილს ვერ ასახელებს, რადგან, რამდენიმე ადგილთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ახალი სასაფლაო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და ვაკე იქნება, რათა მისადგომად მოსახერხებელი იყოს.