ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მალე კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყება. იმის შესახებ, თუ რა მოსავალს ელის სოფლის მოსახლეობა ამ სასოფლო-სამეურნეო წელს, განსაკუთრებით, სეტყვით მიყენებული ზიანის შემდეგ- JNEWS-ის მასალაში შეიტყობთ.
15 სექტემბრის შემდეგ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დაიწყება. წელს წვიმიანი ამინდი იყო, ამიტომ მიწათმოქმედთა უმრავლესობა კარგის მოლოდინშია, თუმცა სეტყვამ რამდენიმე სოფლის- ორჯა, ხანდო, ოკამი, გოგაშენი, დიდი სამსარი, კარტოფილის ნათესები გააფუჭა. ყველაზე მეტად სოფელ პატარა სამსარის მიწები დაშავდა.
რა მოლოდინი აქვთ მიწათმოქმედებს ამ სასოფლო-სამეურნეო წელს
სოფელ პატარა სამსარიდან მუშეღ ავაგიანი ამბობს, რომ სოფელში წელს კარტოფილის მოსავლის ნაწილი სეტყვამ გააფუჭა, და კარგი მოსავლის მოლოდინი არ აქვთ.
“ზარალი დიდი იყო, საკმაოდ ბევრი მიწა აღდგა, თუ არ მოყინავს, კარტოფილი გაზრდას მოასწრებს, მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ჩვენთან მალე ყინავს ხოლმე. მიწების 50-60% აღდგა, კარტოფილი ჯერ ახლა აყვავდა. ვნახოთ, ყველაფერი ისევ ამინდზეა დამოკიდებული. ჩვენ წელს ცოტა მოსავალს ველით. გასულ წელს ჩვენ 1ჰა-დან 25 ტონა მივიღეთ, წელს 1ჰა-დან 15 ტონა იქნება”,- ამბობს მუშეღ ავაგიანი.
სოფელ ორჯადან გაიანე ქურდოღლიანი ყვება, რომ კარტოფილის ნათესები სეტყვამ მათთანაც გააფუჭა.
“კარტოფილის ადრეული ჯიშები არ აღდგა, ხოლო გვიანდელი ჯიშები აღდგა. გასული წლის მსგავს მოსავალს არ ველით”,- ამბობს გაიანე ქურდოღლიანი.
სოფელ ალათუმანში, აზავრეთში, ბურნაშეთში, ხოსპიოში, დილისკაში- სადაც კარტოფილის მოსავლიანობის მოლოდინი ვიკითხეთ, სოფლის მოსახლეობა საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი.
სოფელ აზავრეთიდან, სოს ეღიაზარიანი თვლის, რომ წელს კარგი მოსავალი იქნება.
“მართალია, კარტოფილი ჯერ არ ამოგვიყრია, მაგრამ წელს საკმაოდ წვიმიანი ამინდები იყო, კარგი მოსავალი იქნება, გასულ წელს კარგი მოსავალი გვქონდა, და ვიმედოვნებთ, რომ იგივე წელსაც იქნება”,- ამბობს ის.
სოფელ აზავრეთიდან ჰოვიკ ტიტოიანი ამბობს, რომ კარტოფილის ფოთლები და ღეროები კარგია, მაგრამ რა მოსავალია ქვეშ- არ ეცოდინებათ, ვიდრე მას არ ამოყრიან.
“კარგი ღერო აქვს, მაგრამ მიწის ქვეშ რა არის, არ ვიცით, ჩვენთან ჯერ მორწყვის პროცესი მიმდინარეობს, მე 40 მეასედი კარტოფილი დავთესე. ზოგიერთმა უკვე ამოყარა და ყიდის. ამბობენ, თბილისში 1კგ კარტოფილი ახლა 80 თეთრი ღირს, ვისაც ფული სჭირდება, ყიდის”,- ამბობს ჰოვიკ ტიტოიანი.
ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი, მოსავალს დიდი იმედებით ელის.
“კარგ მოსავალს ველით, გარდა ამისა, წელს კარტოფილის ნათესები მუნიციპალიტეტში გაიზარდა. შედეგი სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. მოლოდინი კარგი მაქვს, თუმცა ვნახოთ ხარისხი როგორი იქნება. ვფიქრობ, ბევრმა მოსავლის კარგი დამუშავება ვერ მოახერხა”,- ამბობს მახარე მაცუკატოვი.