სოფელ მურჯახეთში მცხოვრებმა ენოკ ბაბაჯანიანმა ინოვაციური სათბური ააშენა, რომელშიც სამი წელია პომიდორი მოჰყავს. შედეგით კმაყოფილია და წლეულს სათბურში ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყო. ენოკმა მიატოვა ბიოგაზი და თხევადი გაზი და მთლიანად გადაიყვანა თავისი სახლი და სათბური ელექტროენერგიაზე.
უკვე მესამე წელია ენოკ ბაბაჯანიანს თავის 200 კვადრატულ მეტრ სათბურში პომიდორი მოჰყავს. წელიწადში ბიზნესმენი 4-4,5 ტონა მოსავალს და 8000 ლარს წმინდა მოგებას იღებს.
სათბური ინოვაციურია და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, რომლის ნაწილს ენოკი ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაზე ჰყიდის. იგი ასევე აწარმოებს ბიოგაზს შიდა გამოყენებისთვის.
ბიზნესმენმა სათბური 2020 წელს პროგრამა ENPARD-2 -ის ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ფინანსური მხარდაჭერით ააშენა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 50 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 35% თვითდაფინანსებაა, ხოლო ძირითადი ნაწილი-65% გრანტია.
LAG-ის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ელექტროსადგური 5 კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
შარშან ენოკმა UNDP-ის კიდევ ერთ პროექტში გაიმარჯვა, რათა კიდევ ერთი 10 კვტ/სთ მზის სადგური დაამონტაჟოს.
წელს ბიზნესმენმა ექსპერიმენტები დაიწყო – მთელი წლის განმავლობაში სახლი და სათბური მზის პანელებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე გადართო.
ენოკი ზაფხულში თავისი ორი სადგურით გამომუშავებულ ელექტროენერგიას ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაზე ყიდის და ზამთარში ყიდულობს.
„საერთოდ არ ვიხდი ელექტროენერგიის საფასურს, პირიქით, მათ (ელექტროკომპანიას) აქვს ჩემი ვალი. შარშანდელიდან 900 ლარი აქვთ მოსაცემი, წლეულს მხოლოდ ერთი სადგურიდან 600 ლარი მაქვს. გათვლები აჩვენებს, რომ წელს არ გადავიხადი არც გაზის, არც ელექტროენერგიის თანხას. გათბობა გაზიდან დენზე გადავიტანე. ზამთარში ერთი თვე ჩავატარე ექსპერიმენტი. ახლა ვაგროვებ, უკვე 6000 კვტ დენი არის, გათბობის სეზონის დაწყებამდე, მე დავაგროვებ 18000 კვტ-ს. ექსპერიმენტის დროს დავხარჯე 300 კვტ ენერგია თვის განმავლობაში. ორი მზის სადგური ერთად, თვიდან გამომდინარე, გამოიმუშავებს 4000 კვტ ელექტროენერგიას”, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.
ელექტროენერგიას კილოვატზე 11,9 თეთრად ყიდის და დაახლოებით 22 თეთრად ყიდულობს.
ენოკ ბაბაჯანიანი უკვე ორი წელია ბიოგაზს აწარმოებს, მაგრამ წელს მასზე უარის თქმა გადაწყვიტა. ის არამიზანშეწონილად მიიჩნევს ბიოგაზის წარმოებას.
„ბიოტექნიკა იძლევა შედეგს, უბრალოდ ძალიან შრომატევადი სამუშაოა, დიდი დრო სჭირდება, გაზის მოხმარება თვეში 30-40 ლარია სახლში, ბიოტექნიკით სარგებლობისას მუდმივად უნდა იმუშაო, ისე არა, რომ შეავსოს და მორჩა, მერე სუნი და სხვა უხერხულობა იქმნება. შევძელი ბიოგაზის მიღება, მივიღე და გამოვიყენე, მაგრამ ახლა უარს ვამბობ, რადგან არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. სადაც არის გაზი მიზანშეწონილია გაზის გამოყენება. ბიოტექნიკა მიღებული გაზის 30%-ს იყენებს, რომ გაცხელდეს“, – განმარტავს ის.
ენოკი კმაყოფილია შედეგებით, სასათბურე მეურნეობას მომგებიან ბიზნესად თვლის და გაფართოებას აპირებს, გრანტით გაფართოება სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა საკუთარი ხარჯებით გაფართოებას, კიდევ ერთი სათბურის აშენებას და კიტრის მოყვანას გეგმავს.
წელს ენოკმა ექსპერიმენტის სახით „მამლუქის“ ჯიშის კიტრის ნერგები დარგა და მოსავალიც მიიღო.
ენოკის კიდევ ერთი ექსპერიმენტი არის ის, რომ სათბურის ჭერში მან მეორე ცელოფანი გააკრა ტემპერატურის დასარეგულირებლად.
“მეორე ცელოფანი არის იმისთვის, რომ მზემ პომიდორი არ “დაიწვას”. მაღალ ტემპერატურაზე მოსავალი “იწვება”, ამიტომ საფარის მეორე ფენა გავაკეთე, რომელიც შთანთქავს მზის სითბოს 40%-ს”, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.
წელს ენოკ ბაბაჯანიანმა პომიდორი ჩვეულებრივზე ცოტა გვიან დარგო, რათა შემოდგომასთან ახლოს მომწიფდეს, როცა პომიდვრის ფასი მაღალია. ენოკი არ იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს პომიდვრის გაშენებისას. მან, ისევე, როგორც გასულ წლებში, ექსპერიმენტისთვის “ბელფორდის” ჯიში და ვარდისფერი ჯიში დარგო.
„გასულ წლებში პომიდორს ამ თვეში ვყიდიდი, წელს კი გვიან დავთესე, ახლა პომიდვრის ფასი დაბალია და ოქტომბერში, ახალ წლამდე, ფასი გაიზრდება, დაახლოებით 3 ლარი ეღირება. და ჩემი მოსავალი ამ დროისთვის დამწიფდება“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.
ბიზნესმენის პომიდვრის მყიდველები კაფეები და შაურმის მწარმოებლები არიან. კლიენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მოდიან და მოსავალს თავად კრეფენ, რომ იყიდონ – მათთვის ეს განსაკუთრებული პროცესია.
ენოკ ბაბაჯანიანი კმაყოფილია და ამაყად უყვება ყველას, ვისაც თავისი ჰობის ბიზნესად გადაწცევა სურს. ის სასათბურე მეურნეობის მრავალი მსურველი ფერმერისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა.
სამი ერთში. ინოვაციური, პირველი სათბური ჯავახეთში
ინოვაციური სათბური ახალქალაქში: ბიზნესის გაფართოება