მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა დაიწყო – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა!

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.

ჯამში, პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონელს შეიძენს.

პროგრამით სარგებლობისთვის, ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით – https://myliberty.ge/?id=agro და შემდეგ მიმართონ ბანკის ნებისმიერ ფილიალს არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად.

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.