ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის მორიგი სასოფლო-სამეურნეო წელი სრულდება. წელი იმედგაცრუებებით სავსე იყო. დაბალი ფასები, სტიქიური უბედურებები, სეზონური დაავადებები და დაბალი მოთხოვნა, ასეთი იყო 2023 წელი ახალქალაქელი მეკარტოფილეებისთვის.

2023 წელი მუნიციპალიტეტში ბანალურად დაიწყო, 2022 წლის კარტოფილის მოსავალი არ გაიყიდა. ახალქალაქის კარტოფილის ფასი 2023 წლის საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დიდი ქალაქების საბითუმო ბაზრებზე დაეცა, მყიდველი ცოტა იყო და ისიც დაბალ ფასებში გაიყიდა. ადგილობრივი მეკარტოფილებისთვის ეს მოულოდნელი იყო, ისინი გაზაფხულზე კარტოფილის გაძვირებას ელოდნენ, რადგან ახალქალაქის კარტოფილი გამძლეა და თითქმის ზაფხულამდე ძლებს. უფრო მეტიც, ისინი წელს ფასების ზრდას ელოდნენ, რადგან 2022 წლის კარტოფილის მოსავალი დაბალი იყო. 2023 წლის დასაწყისში ახალქალაქის კარტოფილი 1-1,2 ლარად იყიდებოდა.

ფერმერები უკმაყოფილონი იყვნენ, გაძვირების მოლოდინში კარტოფილს არ ყიდდნენ იმ მცირერიცხოვან მყიდველებს, ვინც მოდიოდა.

თებერვალში ახალქალაქის კარტოფილზე ფასისა და მოთხოვნის ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა. ფასი 20-30 თეთრით გაიზარდა. ამგვარად, თებერვალში კარტოფილი ადგილობრივ გადამყიდველებზე 1,2-1,4 ლარად იყიდებოდა.

მაგრამ მზარდი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელებულა. მარტში კარტოფილზე ფასმა კვლავ დაიკლო, ფასთან ერთად მოთხოვნაც დაეცა. ფასი 50-60 თეთრამდე დაეცა. ფასი და მოთხოვნა არ გაზრდილა, სანამ შარშანდელი კარტოფილი საბოლოოდ ნაგავსაყრელზე არ გადაყარეს.

ბევრი ფერმერი მიიჩნევს, რომ ახალქალაქის კარტოფილზე მოთხოვნის შემცირების მიზეზი ბაზრებზე დიდი რაოდენობით იმპორტირებული კარტოფილის არსებობაა. ფერმერი ვარაზდატ სალვარიანი სოფელ დილისკიდან შექმნილ ვითარებას ლარის კურსის გამყარებას უკავშირებს.

„ლარი გამყარდა, რუბლი დაეცა, კარტოფილს რუსეთიდან იაფად ყიდულობდნენ და აქ ძვირად ყიდდნენ. მყავს მუდმივი მომხმარებელი, ჩემი მოსავალი გავყიდე“, – ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.

აგრონომი და ფერმერი არშალუის გალსტიანი სოფელ აგანადან მიიჩნევს, რომ ბაზარზე კარტოფილი უფრო მეტი იყო, ვიდრე მოთხოვნა.

წელს საქართველოში კარტოფილის ექსპორტი რეკორდული იყო. bpn.ge-ს ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კარტოფილის იმპორტი თითქმის 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 4,710 ტონა (1,289 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 23,301 ტონა (5,174 მლნ აშშ დოლარი).

გარდა იმისა, რომ შარშანდელი ტონობით კარტოფილი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა, 2023 წლის კარტოფილის მოსავალიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფლებში წვიმის ნაკადებმა ზაფხულში მინდვრებიდან დათესილი კარტოფილი ჩამორეცხა. დაზარალებულებს კომპენსაცია არ მიუღიათ, არ ეკუთვნით, რადგან სახელმწიფო აგროდაზღვევას აფინანსებს, ხოლო ადგილობრივი ფერმერები, უმეტესწილად, არ აზღვევენ კარტოფილის მინდვრებს.

წელიწადი ასევე გამოირჩეოდა სხვადასხვა დაავადების გავრცელებით, ბევრმა ვერ შეძლო კარტოფილის მინდვრების გავრცელებული დაავადებისგან განკურნვა, მინდვრები დაავადებისგან დაშრა.

2023 წლის მოსავლიანობა საშუალო იყო. 1 ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 35 ტონას შეადგენდა. ზოგი კმაყოფილი იყო მოსავლით, ზოგი არა. კარტოფილის წლევანდელ მოსავლიანობაზე გავლენა იქონია არა მხოლოდ ამინდის პირობებმა, არამედ კარტოფილის ჯიშებმაც. კარტოფილის ზოგიერთი ჯიში საერთოდ არ ამოსულიყო. ამის ზუსტი მიზეზები არ არის დაზუსტებული, თუმცა ფერმერები მიზეზად უხარისხო კარტოფილის თესლს მიიჩნევენ. ადამიანები, რომლებმაც ძირითადად “გრანადას”, “ოდეტას”, “არიზონას” ჯიშები დათესეს უკმაყოფილონი არიან მოსავლით.

ფერმერები შემოდგომაზე კარტოფილის ფასით უკმაყოფილოები იყვნენ და დაბალ მოთხოვნასაც უჩიოდნენ. ეს მდგომარეობა დღემდე გრძელდება. ბაზრობაზე კარტოფილის ფასი 60 თეთრიდან 70 თეთრამდე მერყეობს.

აგრონომი ეღიშ აღაჯანიანი მიიჩნევს, რომ წელი სასოფლო-სამეურნეო ასპექტში ცუდი იყო.

„გაძვირდა ყველაფერი. გაძვირდა უცხოეთიდან ჩამოტანილი სათესლე კარტოფილი, 4-5 ლარი ღირს. გაძვირდა საპოხი- წვადი მასალები, სათადარიგო ნაწილები. კარტოფილი შემოდგომაზე მოსავლის აღების შემდეგ 70 თეთრად გავყუდე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გარშემო სხვებს ცუდი მდგომარეობა აქვთ, შენ ვერ იქნები კარგად. ახლა კარტოფილის ფასი დაეცა, მყიდველი არ არის. ხალხი გამოუვალ მდგომარეობაშია, არ იციან რა ქნან“, – ამბობს ეღიშ აღაჯანიანი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში 2023 წლის კარტოფილის მოსავლის 60% ჯერ არ გაყიდულა.

ბევრი ფერმერი იმედგაცრუებულია, ისინი შიშობენ, რომ მათი მოსავალი კვლავ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. უკვე გეგმავენ კარტოფილის აღარ დათესვას ან მინდვრების შემცირებას.

„ბევრმა მეკარტოფილემ უკვე შემომთავაზა მიწები, მაგრამ ამდენს ვერ დავთესავ“, – ამბობს ვარაზდატ სალვარიანი.