დღეს, 23 აგვისტოს, დილით, ახალქალაქში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მოკლე დროში გავრცელდა, რამაც კვამლის დიდი და სქელი ფენა გამოიწვია. ასეთი შემთხვევები ახალქალაქში ხშირია, რადგან მოსახლეობა მოსავლის აღების შემდეგ ჩალას წვავს. ხანძარი მშრალ ამინდში ვრცელდება, სახლებსა და ტყეებს საფრთხე ემუქრება.
შემთხვევა დაახლოებით დილის 09:00 საათზე მოხდა, თუმცა მეხანძრე-მაშველები მხოლოდ დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 14:00 საათზე გამოიძახეს. თავდაპირველად ადგილზე პატრულის ეკიპაჟი მივიდა. სახანძრო ბრიგადა მას შემდეგ გამოიძახეს, როცა ხანძარი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა. მეხანძრეებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს.
ახალქალაქში ხანძრის გაჩენის რისკს ხელს უწყობს ისიც, რომ ქერის და ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ ფერმერები ბალახს ცეცხლს უკიდებენ. ძალიან რთულია ყველაფრის ერთ ადგილზე შეგროვება, ამიტომ ფერმერები ცეცხლის წაკიდებით აგვარებენ პრობლემას, ტერიტორიას ხანდახან ხანძრის ჩაქრობის გარეშე ტოვებენ, რაც ქმნის როგორც მასშტაბური ხანძრის რისკს, ასევე გარემოს დიდ ზიანს აყენებს.
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანის თქმით, ხალხი ფიქრობს, რომ დარჩენილი ბალახის დაწვით მომავალ წელს უკეთეს მოსავალს მიიღებენ, მაგრამ ამით მხოლოდ ნიადაგს აზიანებენ. ბალახთან ერთად იწვება ნიადაგის ზედა ფენის აუცილებელი მიკროფლორაც.
„მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, არ დაწვათ მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილი ბალახი. ჯერ ერთი, ეს არის კანონდარღვევა და მეორეც, შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ხანძარი“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
Jnews-ი გარემოს დაცვის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადანაც გვითხრეს, რომ კონტროლი მუდმივად გრძელდება, უფრო სწორად, ხორციელდება როგორც მათ, ისე სატყეო დეპარტამენტისა და სახანძრო სამსახურის მიერ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებისა და პირობების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევა ან შეუსრულებლობა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის გამო, ტყეებში და მინდვრებში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაღალი დონისკენ მოუწოდებს.
ხოლო კვამლის ან ხანძრის გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრს ნომერზე „112“ დარეკვით.
ლიდა ალმასიანი