ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მუდმივი წვიმისა და ცივი ამინდის მიუხედავად, ფერმერთა ნაწილი კარტოფილის თესვას ამთავრებს, ნაწილი კი ახლა იწყებს. ახალქალაქის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს კარტოფილის მინდვრების ფართობის შესახებ მონაცემები ჯერ არ აქვს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვა დასკვნით ეტაპზეა. ამინდის პირობების გამო თესვა მხოლოდ დიდ და პატარა სამსარში გადაიდო.
ავაგიან მუშეღი, სოფელ პატარა სამსარიდან, ამბობს, რომ მათ სოფელში კარტოფილის თესვა ჯერ არ დაწყებულა:
„ჯერ საერთო თესვა არ დაგვიწყია. მიწა ნესტიანია, თუმცა ზოგი მუშაობას ნელ-ნელა შეუდგა. წელსაც იმდენს დავთესავ, რამდენიც შარშან – 2 ჰექტარს“.
ზაქარიან ბაკრატმა, სოფელ აზავრეთიდან, წელს იმდენი დათესა, რამდენიც გასულ წელს. სოფელ აზავრეთში კარტოფილის თესვა უკვე დასრულებულია. ზაქარიანის თქმით, კარტოფილის ყანების ფართობი დიდად არ გაზრდილა.
“თითქმის ყველამ დავასრულეთ თესვა. მე ჯერ არ დამიმთავრებია და კიდევ დამრჩა, მაგრამ წელს მინდვრები შევამცირე, რადგან ამდენის დამუშავება უბრალოდ არ შემიძლია”, – განმარტავს არტავაზდ დარბინიანი სოფელ იხტილადან.
ჩახალიან არამაისი, სოფელ მოდეგამიდან, აცხადებს:
„საქმე თითქმის დავამთავრეთ. კარტოფილის ყანები შევამცირე, შარშან 2 ჰექტარი დავთესე, წელს – 1 ჰა. აზრს ვერ ვხედავ – თესლს ძვირად ვყიდულობთ, კარტოფილს 60 თეთრად ვყიდით. მოგება არ მიმიღია, ტექნიკა მაქვს და ჩემთვის არ არის მომგებიანი, სხვებს რა ვუთხრათ. კარტოფილის გარდა ყველაფერი გაძვირდა. პირობები, სარწყავი წყალი, მყიდველებისთვის გზა არ გვაქვს, რომ ჩამოვიდნენ. კარტოფილის მინდვრებს უკვე ყველა ამცირებს“.
ენოკ ბაბაჯანიანმა, სოფელ მურჯახეთიდან, კარტოფილის მინდვრები იმიტომ გაზარდა, რომ შარშანდელი კარტოფილი არ გაყიდა.
„კარტოფილის თესვა უკვე დავასრულეთ. შარშან 3 ჰექტარი დავთესეთ, წელს – 5 ჰექტარი, რადგან ძველი კარტოფილი არ გავყიდეთ და ხელახლა დავთესეთ. ხომ არ გადავყრით? ამბობენ, ბოლო 2 დღეა მყიდველები მოდიანო“, – ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.