სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ყველა ფერმერი მის საკუთრებაში არსებული მიწების ყოველ ჰექტარზე წელიწადში 150 ლიტრ საწვავს მიიღებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დიზელის საწვავის ტალონები 644 ბენეფიციარ-ფერმერმა (მიწათმოქმედმა) მიიღო, ასევე 207 თანამფლობელმა და 1 ორგანიზაციამ.
2020 წლის 20 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიწის მფლობელები დიზელის საწვავზე საშეღავათო ტალონებს და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენაზე ვაუჩერებს ღებულობენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 20 მაისიდან დღემდე საშეღავათო ტალონები დიზელის საწვავზე 644 ფერმერმა (მიწათმოქმედმა) მიიღო- 182570 ლიტრი საწვავი, 207 თანამფლობელმა- 17460 ლიტრი საწვავი, 1 ორგანიზაციამ- 9250 ლიტრი საწვავი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფერმერების თქმით, ზოგიერთმა უკვე ისარგებლა შეღავათით, ხოლო ზოგიერთს ჯერ არ გამოუყენებია ტალონი.
ტალონების მიღება შესაძლებელია ახალქალაქის მერიაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრში, ასევე იუსტიციის სახლში.
დიზელის საწვავის საშეღავათო ფასებში შეძენა ფერმერებს მხოლოდ SOCAR Georgia Petroleum კომპანიისგან შეუძლიათ. შესაბამისი შეთანხმება გაფორმებული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროსის ლევან დავითაშვილისა და SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორის ლევან გიორგაძის მიერ. აღნიშნულ კომპანიას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საკუთარი სერვისცენტრი არ გააჩნია, ფერმერები ტალონების გამოსაყენებლად ახალციხეში უნდა ჩავიდნენ.
საწვავზე საშეღავათო ტალონებს მიიღებენ იმ სასოფლო-სამეურნეო მიწების (გარდა საძოვრებისა) მფლობელები, რომლებსაც საჯარო რეესტრში 0,25 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწა აქვთ დარეგისტრირებული. ეს შეიძლება იყოს მეპატრონე, თანამფლობელი, იურიდიული ან ფიზიკური პირი. თანამფლობელის შემთხვევაში, ტალონის მიმღებმა სხვა მფლობელების მინდობილობაც უნდა წარადგინოს.
1ჰა რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 150 ლიტრა საწვავზე მიიღებს საშეღავათო ტალონს, 10ჰა მიწის შემთხვევაში- 1500 ლიტრაზე, და თუკი ფერმერს 100ჰა-ზე მეტი მიწა აქვს- მაქსიმუმ 15000 ლიტრაზე. მაშასადამე, ისინი ვისაც 100ჰა-ზე მეტი მიწა აქვთ ისარგებლებენ შეღავათით არაუმეტეს 15000 ლიტრისა.
თუ მესაკუთრეს საჯარო რეესტრში ჯერჯერობით არ აქვს მიწა დარეგისტრირებული, მან ჯერ უნდა დაარეგისტრიროს ის და შემდეგ შეუძლია მივიდეს ტალონის მისაღებად. აღნიშნული პროგრამით 200,000 ფერმერზე მეტი ისარგებლებს. ტალონის გამოყენება 2020 წლის ბოლომდე არის შესაძლებელი.