უკვე ორი წელია “დანერგე მომავალი” პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ჟოლოს დასათესად 100%-იან დაფინანსებას გამოყოფს. თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პროგრამის შესახებ ბევრს არ სმენია, ხოლო ის, ვინც ინფორმირებულია, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, განაცხადსაც არ ავსებს.
სოფელ არაგვას მცხოვრებლებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჟოლოს დათესვისთვის 100%-იანი დაფინანსების შესახებ არ სმენიათ. თუმცა, მათი თქმით, ისინი დაინტერესდნენ და მომავალში პროგრამაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.
“თუკი სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, შეიძლება მომავალში მონაწილეობის მიღება”,- ამბობს სოფელ არაგვას მცხოვრები რუბენ უნანიანი.
სოფელ კარტიკამში ზოგიერთი მცხოვრები პროგრამის შესახებ იყო ინფორმირებული, თუმცა პროგრამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მაგალითად, როგორც სოფელ კარტიკამის მცხოვრები სურენ გაბრიელიანი ამტკიცებს, ფერმერების დაფინანსების შესახებ სმენია, მაგრამ პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღია.
თუმცა, იგივე სოფლის სხვა მცხოვრების არმენ საარიანის თქმით, მას პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ქონდა, მაგრამ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
“მიწები არ მაქვს დარეგისტრირებული, ეს კი აუცილებელია”,- ამბობს ის.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსის რამაზ გოგოლაძის თქმით, “დანერგე მომავალი” პროგრამის შესახებ ყველა სოფელია ინფორმირებული.
“პროგრამის შესახებ ყველა სოფელში იციან, თუმცა მონაწილეობის მიღების მსურველები ცოტანი არიან”,- ამბობს ის.
მისი მტკიცებით, სოფლის ზოგიერთ მცხოვრებს დაფინანსებით სარგებლობა სურდა, თუმცა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. 100%-იანი დაფინანსების მისაღებად, ჟოლოს ნათესის ფართობი 3ჰა-ს უნდა შეადგენდეს.
“მაგალითად, შეიძლება ექვსმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, ვისაც 0,5ჰა მიწის ნაკვეთი აქვს, რათა ერთად 3ჰა გამოუვიდეთ”,- ამბობს რამაზ გოგოლაძე.
თითოეული ბენეფიციარის ჟოლოს ნათესის ფართობი უნდა შეადგენდეს 0,15-დან 0,5ჰა-მდე და არ უნდა აღემატებოდეს ამას. პროექტი მთლიანად აფინანსებს როგორც ადგილზე მოყვანილს, ასევე იმპორტულ ნათესებს.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი დაფინანსების მოსაპოვებლად?
ჟოლოს ბაღისათვის დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა შეასრულოს რამდენიმე პირობა. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები (რომელზეც გათვალისწინებულია ჟოლოს დათესვა) ელექტროენერგიის წყაროსთან ახლოს უნდა იყოს განლაგებული და იყოს უზრუნველყოფილი წყლის წყაროებით (500 მეტრის სიშორეზე), ისეთი როგორიცაა სარწყავი არხები, მდინარე, ტბა და ა.შ.
ბენეფიციარების შერჩევის მეორე მნიშვნელოვანი პირობა, სააგენტოში ფერმერების მიერ პროექტისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენაა, რის შემდეგაც ის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს, შემდეგ კი- ტესტირებას გაივლის. დაფინანსებას მიიღებენ ის პირები, რომლებიც ტესტირებას წარმატებით გაივლიან.
ზემო აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს ოფისს, რომელიც ახალქალაქის მერიის შენობაში მდებარეობს.