ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საწყობებში ჯერ კიდევ გასული წლის კარტოფილი ინახება. ფერმერები დაბნეულები არიან – მოსავალი ნაგავსაყრელზე გადაყარონ თუ გაყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია? კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა ყოველწლიურად აქტუალურია. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ახალქალაქელი ფერმერები კარტოფილს ნაგავსაყრელზე ყრიან, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. Jnews-მა გადაწყვიტა გაერკვია, თუ რატომ ხდება ასე.
შარშანდელი კარტოფილის გადაყრა მანამ არ სურთ, სანამ სიცივისგან მთლიანად არ გაფუჭდება. დარჩენილი კარტოფილის დათესვა წარმოუდგენელია, რადგან არც ამდენი მიწა აქვთ და არც გადამუშავების შესაძლებლობები თუ საშუალებები. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ახალ მოსავალს იგივე ბედი არ ეწევა.
შარშანდელი კარტოფილი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში მეტ-ნაკლებად მაინც დარჩა. ახალქალაქისა და ნინოწმინდის ფერმერების აზრით, ამის მიზეზი რუსეთიდან და ბელორუსიიდან კარტოფილის მასშტაბური შემოტანაა.
სოფელ ალასტანიდან ნაირი მელტონიანს 20 ტონა შარშანდელი კარტოფილი დარჩა.
„ჯერ არ გადამიყრია, მაგრამ მგონი ასეც მოვიქცევი. მყიდველი არ არის. მოსავალი სხვა ქალაქებში მიგვაქვს, 25 თეთრად ვყიდით და მხოლოდ ხარჯს ვფარავთ, თავად არაფერი გვრჩება. მეზობელ სოფლებში ძალიან ბევრი კარტოფილია, გზები ცუდია და მყიდველებიც არ ჩამოდიან. რუსეთიდან და ბელორუსიიდან ბევრი კარტოფილი ჩამოიტანეს, რადგან კარგი მოსავალი ჰქონდათ და ვერსად გაყიდეს. ბაზრებზე იმპორტირებული კარტოფილი შედარებით იაფია“, – განმარტა ნაირი მელტონიანმა.
მისი თქმით, მყიდველები მათ სოფელში საერთოდ არ ჩამოდიოდნენ, ვაჭრობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. რამდენიმე მყიდველი მხოლოდ აპრილსა და მაისში გამოჩნდა.
ფერმერები ამბობენ, რომ წელს ახალი კარტოფილიც იაფია, რადგან ჯავახეთში ბევრი დარჩენილი მოსავალია.
ამის გამო ზოგიერთმა ფერმერმა კარტოფილის მინდვრის შემცირება გადაწყვიტა.
“წელს ძალიან ცოტა კარტოფილი დავთესე, თუმცა ბევრი მქონდა. აზრი არ აქვს, რადგან იგივე ან კიდევ უარესი მდგომარეობა შეიქმნება. შესაძლოა თურქეთს ან რუსეთს ჰქონდეს ჩვენზე “გავლენა”. ჩვენს ფასებს ვერ შევცვლით, რადგან წლიდან წლამდე მოსავლიანობა მცირდება, ხარჯები იზრდება, ბოლო წლებში მუშახელიც კი გაძვირდა“, – ამბობს ნაირი მელტონიანი.
ფერმერი ბაბაჯანიან ენოკი მიიჩნევს, რომ ახალქალაქის კარტოფილის საწყობებში დარჩენა კარტოფილის დიდი რაოდენობით იმპორტმა გამოიწვია.
„იმპორტირებული კარტოფილი ლამაზად გამოიყურება, გემო კი არ ვარგა. დიდი პარტიებით შემოიტანეს. აქ თავისუფალი ბაზრის კანონები მოქმედებს. ბიზნესმენები როგორც კი ხედავენ, რომ ფასი მატულობს, რუსეთიდან მაშინვე იაფფასიანი კარტოფილი შემოაქვთ. ეს პროცესი კი არ კონტროლდება. სახლიდან გასვლაც არ უწევთ, ინტერნეტით უკვეთავენ და თანხას რიცხავენ“, – განმარტავს ენოკ ბაბაჯანიანი.
ანალოგიური ვითარებაა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც.
გორელოვკელ მკრტჩიანს 4 ტონა კარტოფილი დარჩა. სუფრის კარტოფილიც აქვს, რომელსაც ვერ თესავს.
ეკონომისტი და სოფლის მეურნეობის ექსპერტი სალომე გელაშვილი ამბობს, რომ ახალქალაქის კარტოფილი მაღალი ფასის გამო არ იყიდებოდა.
„ვითარება ფასების სხვაობით აიხსნება – თქვენი კარტოფილი იმპორტირებულთან შედარებით ძვირია და მოთხოვნაც დაბალია, ანუ იმპორტირებული კარტოფილი მეტად იყიდება. ფერმერებმა როგორმე უნდა შეამცირონ თვითღირებულება. სახელმწიფომ იმპორტიც რომ აკრძალოს, ხალხი დაზარალდება, რადგან მაღალფასიანი კარტოფილის ყიდვა ხალხის დიდი ნაწილისთვის პრობლემა იქნება. ეს გამოსავალი არ არის. ტექნოლოგიები უნდა შეიცვალოს, საწარმოო პოლიტიკას უნდა გადავხედოთ, რათა ფასი შემცირდეს, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აცხადებს სალომე გელაშვილი.
მას მიაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ყველაზე ოპტიმალური იმპორტთან კონკურენციაა.
სალომე გელაშვილის თქმით, თუ კარტოფილი ძვირია, მაშინ ხარისხიც მაღალი უნდა იყოს, რათა ფასი კომპენსირდეს.
“თუ ხარისხში სხვაობა არ არის, მაშინ ეს პრობლემად დარჩება. თანაც, სახელმწიფო არ საზღვრავს იმპორტით რა რაოდენობა შემოდის. ამას დისტრიბუტორები და სუპერმარკეტები წყვეტენ. როგორც კი იმპორტს ვზღუდავთ, ფერმერები მაშინვე აძვირებენ პროდუქტს. ხოლო კარტოფილს ბევრი მოიხმარს“, – აღნიშნავს სალომე გელაშვილი.
მისთვის გამოსავალი კარტოფილმწარმოებელთა ასოციაციაში ფერმერთა გაერთიანებაა.
„როცა ყველა ცალ-ცალკეა, მდგომარეობა რთულდება, მაგრამ ასოციაციაში გაწევრიანებისას გლეხებს ექნებათ იმედი, რომ ასოციაცია მათ გვერდში დაუდგება“, – ამბობს ექსპერტი.
geostat.ge-ის სტატისტიკის მიხედვით 2022 წელს საქართველომ 4108.3 ათასი დოლარის კარტოფილი შემოიტანა, 2021 წელს – 2,589,8 ათასი დოლარის, 2020 წელს – 3,565,7 ათასი დოლარის, 2019 წელს – 2,439,4 ათასი დოლარის, 2018 წელს – 2,919,7 ათასი დოლარის.
კარტოფილის იმპორტი 2023 წლის მიხედვით:
იანვარი – 1410,8 ათასი დოლარი
თებერვალი – 1 154,6 ათასი დოლარი
მარტი – 2 620,6 ათასი დოლარი
აპრილი – 1928,3 ათასი დოლარი