ახალქალაქში საგზაო მოძრაობის რეგულირების ახალი პროგრამით, ქალაქის ცენტრში, ახალი საგზაო ნიშნების დამონტაჟება დაიწყეს. ახალი ნიშნების დაყენების შემდეგ ახალქალაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების დაფიქსირებას დაიწყებენ.
საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების დამონტაჟების სამუშაოებს მეწარმე არშაკ ამოიანი განახორციელებს. მეწარმემ ტენდერი მარტის ბოლოს 34 600 ლარით მოიგო, თავდაპირველი თანხა 37 718 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულებას 13 აპრილს მოეწერა ხელი. სამუშაოების დასრულების ვადა 2020 წლის 11 ივლისია, თუმცა პანდემიის გამო მეწარმემ სამუშაოს ადრე დაწყება ვერ მოახერხა, ამ მიზეზით ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2020 წლის 8 აგვისტომდე გადაიწია.
მეწარმე არშაკ ამოიანის თქმით, მას მუშაობის უფრო ადრე დაწყების უფლება არ მისცეს და ხელშეკრულების ვადა გაახანგრძლივეს.
«კორონავირუსის გამო ნებას არ გვრთავდნენ, ვადის გაგრძელებას დაგვპირდნენ. ჩვენ გახანგრძლივებულ ვადაში ვეტევით. სამუშაოები უკვე დაიწყო, ნიშნების ბოძები დაყენებულია, საგზაო ნიშნები თბილისში შევუკვეთეთ და ველოდებით, 20 დღის განმავლობაში ნიშნებსაც დავაყენებთ. მონიშვნების გაკეთება დღეს დავიწყეთ»,- თქვა მეწარმე არშაკ ამოიანმა.
ქალაქის ქუჩების 53 გზაჯვარედინზე 10 სახის საგზაო ნიშანი დამონტაჟდება, საერთო ჯამში 185.
საგზაო ნიშნების, მონიშვნების საკითხი აქტუალური გახდა გასული წლის გაზაფხულის ბოლოს. მაშინ საკამათო ნიშნების გამო მოსახლეობამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას უჩივლა. კამათის შემდეგ მერიამ ხელახლა გადაწყვიტა საგზაო მოძრაობის მონიშვნებისა და საგზაო ნიშნების პროექტირება. თავდაპირველად მერიამ და კომისიამ, რომელიც საპატრულო პოლიციისგან, საკრებულოს დეპუტატებისა და მერიის თანამშრომლებისგან შედგებოდა, ახალი პროექტი შეადგინეს, შემდეგ პროექტი სამცხე-ჯავახეთის საგზაო პოლიციის დეპარტამენტს გაუგზავნეს, პროექტი საკრებულოს დეპუტატებმაც განიხილეს. მისი განხორციელება ფინანსების არარსებობის გამო გადადებული იყო.
ახალქალაქის «ჭკვიანი» კამერები დღემდე არ აფიქსირებდა დარღვევებს, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურა და საგზაო ნიშნები დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისა და საგზაო ნიშნების დამონტაჟების შემდეგ, კამერები დარღვევების დაფიქსირებას დაიწყებს, მაგრამ კონკრეტულად როდის, ჯერჯერობით უცნობია…