უამინდობამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალი სერიოზული ზარალი მიაყენა, სადაც ძლიერმა სეტყვამ პრაქტიკულად სასოფლო-სამეურნეო კულტურების მთლიანი მოსავალი გაანადგურა. ხალხის უმრავლესობას, სხვადასხვა მიზეზის გამო, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი კომპენსაციას არ მიიღებენ.
ბოლო კვირებში სეტყვისაგან განსაკუთრებით დაზარალდა შემდეგი სოფლები: კარტიკამი, ხულგუმო, ჩამძვრალა, კულიკამი, ბავრა, ხოსპიო, მურჯახეთი და ოლავერდი. მათ მიდამოებში სეტყვამ რამდენიმე ჰექტარი მოსავალი გაანადგურა. ის დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ზარალის ზუსტი შეფასება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ზემო აღნიშნულ სოფლებამდე, სეტყვისაგან ასევე ოკამი, გოგაშენი და სხვა სოფლებიც დაზარალდა.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქაალქის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსის რამაზ გოგოლაძის თქმით, სხვადასხვა სოფელში სხვადასხვა ზარალი ვლინდება.
«სოფლებში მერის უფლებამოსილი პირების ინფორმაციით, სეტყვამ სოფლებში 20%-დან 60%-მდე მოსავალი გაანადგურა», – ამბობს რამაზ გოგოლაძე.
ბოლო პერიოდში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხშირია სეტყვა, თუმცა განსაკუთრებით ძლიერმა სეტყვამ ბოლოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მთლიანი მოსავალი გაანადგურა. დაზარალდა ბოსტნეულის კულტურები, კარტოფილის ნათესები, მარცვლეული კულტურები, კენკრა და ხილი. სეტყვა იმდენად ძლიერი და მსხვილი იყო, რომ სოფლის მოსახლეობა არც კი იმედოვნებს, რომ აღდგეს რომელიმე კულტურა.
რამაზ გოგოლაძის თქმით, ვისაც მიწები ჰქონდა დარეგისტრირებული და დაზღვეული, ისინი მიიღებენ კომპენსაციას. გარდა ამისა, ყველა ფერმერი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ფერმერთა ბაზაში.
«თუკი ფერმერს ან მიწათმოქმედს მოსავლის კომპენსაციის მიღება სურს, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაზღვეული მიწები»,- ამბობს ის.
Jnews-ი რამდენიმე სოფელში მერის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ უმეტესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.
მოსახლეობის უმეტესობას მოსავალი სხვადასხვა მიზეზით არ ჰქონდა დაზღვეული․ ერთ-ერთი მიზეზი დაურეგისტრირებელი მიწებია. ბევრმა ვერ მოახერხა მიწების დარეგისტრირება, ამიტომაც ვერ დააზღვია. კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ დააზღვიეს მოსავალი არის კომპენსაციით უკმაყოფილება.
სოფლის მცხოვრებლების უმეტესობის მტკიცებით, მათ წელს მიწები არ დააზღვიეს, რადგან გასულ წელს სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენლებმა ზარალი უფრო ნაკლებად შეაფასეს, ვიდრე ის რეალურად იყო.
მოსავლის დაზღვევა- სახელმწიფო პროგრამაა. დაზღვეული თანხის 70%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 30%-ს-მიწის მფლობელი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა კომპანია სეტყვისგან, წყალდიდობისგან, საშემოდგომო ყინვებისა და ქარიშხალისაგან აზღვევს მოსავალს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან მოქმედებს, თუმცა აღნიშნული პროგრამით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ბევრი არ სარგებლობს. ამჟამად საქართველოში შვიდი ლიცენზირებული აგრი-სადაზღვეო კომპანია მოქმედებს.