საქართველოს მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის ფარგლებში, ფერმერებისთვის დაიშვა გამონაკლისი, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის, სპეციალური საშვის გარეშე, ყველა ფერმერს 22-დან 26 აპრილის ჩათვლით დილის 06:00-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე ავტომობილებით გადაადგილება შეუძლია.
აღნიშნული გამონაკლისი, «საქართველოს ფერმერთა ასოციაციის» ინფორმაციის თანახმად, ყველა მსხვილ, საშუალო თუ მცირე მეურნეობის ფერმერს ეხება.
საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ცენტრის პირველი კატეგორიის უფროსის რამაზ გოგოლაძის თქმით, ავტომობილებით გადაადგილება მხოლოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის არის ნებადართული.
შეკითხვაზე, თუ ესაჭიროება ფერმერებს სპეციალური საშვი დანიშნულ დროს გადაადგილებისათვის, რამაზ გოგოლაძემ თქვა: «სპეციალური ნებართვა არ არის საჭირო, მაგრამ საჭიროა იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის ხდება ავტომანქანით გადაადგილება».
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის იურიკ უნანიანის თქმით, ფერმერებს გადაადგილების უფლება აქვთ დილის 06:00-დან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის.
«იმისათვის, რომ ავტომობილით გადაადგილება შეძლონ სხვა მიზნით, მოქალაქეებს სპეციალური საშვი ესაჭიროებათ»,- ამბობს ქალაქის მერი.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საშვის მიღება შესაძლებელია ქალაქის მერიაში, მას შემდეგ, რაც განიხილება მოქალაქის მიერ შემოტანილი განაცხადი.
გუშინ, 21 აპრილს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობის შეზღუდვა 27 აპრილამდე გახანგძლივდა.