ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, საქართველოში კარტოფილის უმსხვილესი მწარმოებელი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის – კარტოფილის – მოსავლის აღების სეზონია. წელს რეგიონში კარტოფილის მოსავალი საკმაოდ უხვადაა, ფერმერები მოსავლიანობით კმაყოფილი არიან, თუმცა წელს კარტოფილის ფასია დაბალი და სამუშაო ძალის პრობლემა არსებობს.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის Jnews-ი მოსახლეობაში გამოკითხვებს ატარებს, რათა გამოავლინოს ის პრობლემები, რომლებიც დღეს ჯავახეთის ამომრჩეველს აწუხებს. დღეს, როცა ჯავახეთში კარტოფილის მოსავლის აღების სეზონია, მოსახლეობის უმეტესობამ კარტოფილის დათესვის პრობლემა აღნიშნა.
ბევრი ფერმერი თვლის, რომ სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მეკარტოფილეობა წამგებიანი ბიზნესი გახდა. თუმცა მომგებიანი ალტერნატიული მიმართულება ჯერ არ არის ნაპოვნი. ბევრს სახელმწიფო პროგრამების დახმარებას იმედი აქვს, მაგრამ წინასაარჩევნოდ ჯერ არც ერთი პარტია ჯავახეთში მეკარტოფილეობის პრობლემით არ დაინტერესებულა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე არ უსაუბრია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მთელი მოსახლეობა ახლა მინდვრებშია, ყველა მუშაობს და ყინვების დაწყებამდე მოსავლის აღებას ჩქარობს. წელს სამუშაო ძალა ძალიან ძვირია, ერთი მუშის დღიური ანაზღაურება 100 ლარს აღწევს, ამასთანავე ფერმერები მუშებს ვერ პოულობენ. ყოველი წვიმისა და ამინდის გაუარესების შემდეგ სამუშაო ძალა ფასს ზრდის.
ენოქ ბაბაჯანიანი სოფელ მურჯახეთიდან არის, მეკარტოფილეობით არის დაკავებული, საშუალო მასშტაბის ფერმერია. ენოქი მიიჩნევს, რომ ჯავახეთში კარტოფილის წარმოება წამგებიანი გახდა და საპირისპიროს მიღწევაში დახმარება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია.
„ვფიქრობ, კარტოფილის ბიზნესი წამგებიანია. ყოველწლიურად ვთესავთ და ვფიქრობთ, რომ წელს მომგებიანი იქნება, მაგრამ ვცდებით. მუშები უკვე ვიპოვე, მაგრამ ყოველ დღე ფასს ზრდიან, 95 ლარს ვუხდიდი, მაგრამ ახლა წვიმების შემდეგ ფასს გააძვირებენ, შეიძლება 110 ლარი გახადონ, არ ვიცი. ვფიქრობ, ეს სისტემა სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, სოფლის მეურნეობა დაივიწყეს, განსაკუთრებით მეკარტოფილეობა წამგებიანი გახდა, ამ მიზეზით მხოლოდ ბანკები აარიან სარგებელში“, – ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.
ის ასევე არ არის კმაყოფილი რეალიზაციის ტემპით და ბაზარზე არსებული ფასით. ენოქს ჯერ კარტოფილის თვითღირებულებაარ დაუთვლია, რადგან მას ჯერ არ მოუტანია მთელი მოსავალი.
„კარტოფილზე ფასი 50 თეთრიდან 45 თეთრამდე დაეცა, მსხვილი ფერმერები სატვირთო მანქანებს «იჭერენ», მცირე ფერმერები კი ისევ ელოდებიან“, – ამბობს ენოქ ბაბაჯანიანი.
რიტორიკულ კითხვად რჩება ის, თუ რატომ გახდა იმ რეგიონში, სადაც ქვეყანაში ყველაზე მეტი კარტოფილი მოჰყავთ, სოფლის მეურნეობა წამგებიანი. კარტოფილის მოყვანის ჯაჭვის რომელი ნაწილი გამოითვალეს ფერმერებმა თავიანთ გამოთვლებში და სად არის საჭირო მთავრობის ჩარევა სიტუაციის მოსაგვარებლად. ეს კითხვები ზედიზედ 5-6 წელია აქტუალურია.
სოფელ კოკიოს მცხოვრებთა კარტოფილის მოსავლის 60% არ არის აღებული. სოფელში სამუშაო ძალია უკმარისობაა, ასევე რეალიზაციის პრობლემა არსებობს.
სოფელ კოკიოს მკვიდრის თქმით, კარტოფილის ამჟამინდელი ფასი მის თვითღირებულებას არ ფარავს.
სოფელ ალასტანიდან სიმონ მანანიანი ამბობს, რომ მათ სოფელში ძალიან ცოტა მყიდველი შედის.
„მხოლოდ ერთი მანქანა იყო შემოსული. 60 თეთრად გავყიდეთ, მუშები არ არიან, შრომის ანაზღაურებაც გაიზარდა, ახლა ამინდი გაუარესდა და გვეშინია, რომ მოსავლის აღებას ვერ მოვასწრებთ, მოსავალი უპრეცედენტოა, ასეთი მოსავალი არასდროს გვქონია“, – ამბობს სიმონ მანანიანი.
სოფელ დილისკადან ვარაზდატ სალვარიანმა მუშები იპოვა და უკვე მოსავალს კრეფს. მას ჯერ კიდევ 20 ჰექტარი აქვს დარჩენილი. ვარაზდატს რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, ფიქრობს, რომ სხვებსაც არ ექნებათ, რადგან კარტოფილი, მისი თქმით, რუსეთსა და აზერბაიჯანში გადის.
„სატვირთო მანქანებით რუსეთში და აზერბაიჯანში გააქვთ, რეალიზაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ ფასი არ მაწყობს, 50 თეთრი — ცოტაა. მე თვითონ კლიენტების ნაკლებობასთან დაკავშირებული პრობლემა არ მაქვს, ჩემი ნაცნობი კლიენტები ყოველწლიურად მოდიან ჩემთან”,- თქვა ვარაზდატ სალვარიანმა.
თუ რომელი პარტიების საარჩევნო პროგრამებში არის ჯავახეთში კარტოფილის მოყვანის პრობლემის გადაჭრის პუნქტები, Jnews-ი შეეცდება ამ პარტიების წარმომადგენლებისგან გაარკვიოს.