ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე კვირაზე მეტია, რაც კარტოფილის რეალიზაციის საკითხში ცვლილებაა, კარტოფილის ფასმა ოდნავ მოიმატა და კარტოფილის გადამყიდველებმა რამდენიმე სოფელში სიარული დაიწყეს, თუმცა შორეული სოფლები მყიდველებზე კვლავ „ოცნებობს“.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს მოსახლეობა კარტოფილის გაყიდვის ტემპით და ფასით უკმაყოფილოა. სოფლის კაცები დილიდან ცენტრში დგანან და მყიდველებს ელიან.
„ცუდად იყიდება, მყიდველი ცოტაა. სოფელში ბევრი კარტოფილია. ფასიც არ არის დამაკმაყოფილებელი – 50 თეთრი. ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ბევრი კარტოფილი სხვა ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში. ჩვენი სოფლის თითოეულ სახლში საშუალოდ 10-15 ტონა, ან კიდევ უფრო მეტი კარტოფილია, დილით ცენტრში მივდივართ მყიდველების მოსაყვანად. 2-3 საათია ვდგავართ, გავიყინეთ”, – უჩივის სოფელ კოჩიოდან მარტიროსიან პარუირი.
იგივე სიტუაციაა სოფელ ბარალეთში, მყიდველი ცოტაა, გამყიდველი ბევრი. აქაც მყიდველის დაჭერის იმედით ხალხი დილიდან ცენტრში დგას.
„მყიდველი არ არის, წელს მდგომარეობა გაუარესდა. ასე თუ გაგრძელდა, ნათესებს შევამცირებ. სხვა ქალაქებში მიტანის საშუალება არ მაქვს. ბევრია ჩემნაირი, დილიდან საღამომდე სიცივეში ვდგავართ მყიდველებს ველოდებით. როცა სოფელში გადამყიდველის 2 მანქანა შემოდის, დღესასწაული გვაქვს“, – ამბობს სოფელ ბარალეთის მკვიდრი.
სოფელ ბარალეთის მცხოვრებმა რამდენიმე კვირის წინ ახალციხეში თავისი კარტოფილი კილოგრამი 40 თეთრად, 1 თებერვალს კი სოფლიდან 60 თეთრად გაყიდა.
„თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, უთხარით იქ მაღლა, არ შემოუშვან საქართველოში იმპორტული კარტოფილი. 3-4 დღეა აქტიურობაა და ფასმა მოიმატა“, – ამბობს სოფელ ბარალეთიდან სამველ ხეჩოიანი.
რეალიზაციის საკითხში ამ ცვლილების მიუხედავად, ის მიიჩნევს, რომ ფერმერების შრომა უფასურდება.
„როგორც მახსოვს, კარტოფილის ფასს მყიდველი ადგენს, მარკეტებში ისევ ძვირია, იაფად ვყიდით და გადამყიდველი იგებს“, – ამატებს სამველ ხეჩოიანი.
მყიდველი ცოტაა, სოფლელები კარტოფილს ყიდიან იმ ფასად, რასაც იშვიათი მყიდველი ითხოვს. შარშანდელი ვითარება, როცა კარტოფილის მოსავალი ნაგავში გადაყარეს, მეკარტოფილეებს ჯერ კიდევ ახსოვთ და ეშინიათ.
ერთ კვირაზე მეტია, რაც ახალქალაქის სოფლებში მყიდველები შემოდიან, მაგრამ ვინაიდან მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ ბევრი კარტოფილია, შორეულ სოფლებამდე ვერ აღწევენ.
ასეთი მდგომარეობაა სოფელ პატარა სამსარშიც. ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, სოფლის მოსახლეობას ძირითადად თვითონ მიაქვს სხვა ქალაქებში.
„მხოლოდ ნაცნობ მიწათმოქმედებთან მოდიან, 2-3 არიან, ისიც თვეში ორჯერ. 60-65 თეთრად ყიდულობენ“, – ამბობს სოფელ პატარა სამსარის მცხოვრები.