დღეს, 22 აპრილს, ახალქალაქში კარტოფილის თესლის შენახვის სამაცივრე საწყობი გაიხსნა. პროგრამა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) მიერ, USAID– ის ფინანსური მხარდაჭერით, USAID– ის კარტოფილის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
კარტოფილის სათესლე მეურნეობის მოდელირება USAID– ის კარტოფილის სამწლიანი პროგრამის ნაწილია. პროგრამა ახალქალაქში წელიწადნახევრის განმავლობაში ხორციელდებოდა. ამ პროექტის ფარგლებში ახალქალაქში სამაცივრე საწყობი გაიხსნა, თანამედროვე, კლიმატის კონტროლით, რომელიც აკონტროლებს ტემპერატურას, ტენიანობას და CO2-ს. საწყობი გერმანული ტექნოლოგიის მიხედვით აშენდა. საწყობის ფართობია 200 კვ.მ, სადაც შესაძლებელია 300–დან 350 ტონა კარტოფილამდე შენახვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: USAID–ის მისიის დირექტორი საქართველოში, პიტერ ობელერი, USAID– ის AOR–კარტოფილის პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში, დავით წიკლაური, USAID– ის კარტოფილის პროგრამის დირექტორი საქართველოში რუსუდან მდივანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი, ფერმერები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუმრები.
ახალციხეში კარტოფილის სათესლე მოდელირებული მეურნეობის შექმნის მიზანია საქართველოსთვის, კერძოდ სამცხე-ჯავახეთისთვის, თესლის კარტოფილის წარმოების ბაზის შექმნა. მაღალი ხარისხის სათესლე კარტოფილზე ფერმერების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ფერმერების შემოსავლის და პროდუქტიულობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში შეიქმნა ორი ფილიალი: ერთი ახალქალაქში, მეორე ახალციხეში. ახალქალაქში მოიყვანეს სათესლე კარტოფილის სამი ახალი სახეობა: ჯავახური, წითელი მესხური, თეთრი მესხური. ეს ახალი თესლები უკვე დარეგისტრირებულია საქართველოში, როგორც ახალი ჯიშები.
დამსწრე საზოგადოებას USAID–ის მისიის დირექტორი, პიტერ ობელერი მიესალმა. მან თქვა, რომ USAID- ისთვის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მხარს უჭერდნენ და დაუჭერენ საქართველოს.
”ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ეკონომიკა გაძლიერდეს და განვითარდეს. ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვთანამშრომლობთ, როგორც ქართულ ბიზნესთან, ასევე, მთავრობასთან. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვართ, ამ პროექტის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ კარგი შედეგია. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან, პირველ რიგში, კარტოფილი იქ კარგი ხარისხით ინახება, რაც დისტრიბუციას შეუწყობს ხელს. რაც მთავარია, ვმუშაობთ კერძო სექტორთან, ასევე იქმნება სამუშაო ადგილები ხალხისთვის”, – თქვა პიტერ ობელერმა.
USAID- ის ეს პროექტი ჯავახეთში კარტოფილის მოყვანასთან დაკავშირებული პირველი პროექტია, მაგრამ პიტერ ობელერის თქმით, ის გაგრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იურიკ უნანიანმა, USAID- ს მადლობა გადაუხადა რეგიონში ფერმერების დახმარებისთვის და სამაცივრე მოწყობილობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მადლობა გადაუხადა ნაირი ირიციანმაც და თქვა, რომ USAID–თან შემდგომი თანამშრომლობის იმედი აქვს.
ახალქალაქის პროექტის კოორდინატორმა, მახარე მაცუკატოვმა თქვა, რომ ამ პროექტის ეფექტი გარკვეული დროის შემდეგ კიდევ უფრო უკეთ გამოჩნდება.
”საქართველო თესლს ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ყიდულობს. 3-დან 8 მილიონ ევრომდე თესლი. ჯავახეთს აქვს, არა მხოლოდ სამეწარმეო, არამედ სათესლე კარტოფილის მოყვანის პოტენციალი და უკვე არის ახალი ჯიშები, რომლებიც დარეგისტრირდა და მიიღო ხარისხის სერტიფიკატი. ამ ეტაპზე დავთესავთ სადემონსტრაციო მიწებზე და ორ წელიწადში შეგვიძლია კარტოფილის გასაყიდად გატანა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს პროგრამას ბევრი ფერმერი შეუერთდება”, – თქვა მახარე მაცუკატოვმა.
ახალქალაქში საწყობის გახსნის შემდეგ, სტუმრებმა ახალციხეში კარტოფილის თესლის მოდელირებული მეურნეობა მოინახულეს.