ახალქალაქის რაიონის სოფელ ვარევანის მოსახლეობა სასმელ წყალს სოფელ ხანდოდან ეზიდება. მიზეზი მორწყვის სეზონია, ვარევანის სასმელი წყლით მეზობელი სოფლები მიწებს რწყავენ.

გუშინ JNEWS-ის რედაქციაში სოფლის მოსახლეობისგან შემოვიდა საჩივარი, რომ სოფელ ვარევანის მოსახლეობას, უკვე ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს.

“ჩვენ უკვე ერთი თვეა სასმელი წყალი არ გვაქვს, ყოველ დღე წყლის მოსატანად მეზობელ სოფელ ხანდოში მივდივართ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენს პრობლემას, რადგან ჩვენი საკითხით არავინ ინტერესდება. სოფელი ვარევანი უდაბნოს ჰგავს, აქ არც სასმელი წყალია და არც მორწყვის წყალი არის”,- წერს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

სასმელი წყლის პრობლემა ამ სოფელში მოუგვარებელი რჩება, უკვე მრავალი წელია სოფლის მოსახლეობას წელიწადის ამ დროს წყლის ზიდვა უწევს.

“მთელ სოფელში წყალი არ არის, რადგან სოფელ ეხტილაში მიწებს ჩვენი სასმელი წყლით რწყავენ, ხოლო ზამთრის ცივ თვეებში ონკანებს ღიად ტოვებენ, რათა წყალი ონკნში არ გაიყინოს”,- წერს სოფლის სხვა მცხოვრები.

“უკვე არ ვიცი, რა გავაკეთო, ვის მივმართო, ყოველ დღე ჩამოვდივარ რაიონში, მაგრამ, დე-ფაქტო, ამჟამად სოფელში წყალი არ არის. ხალხი იძულებულია წყალი სოფელ ხანდოდან მოზიდოს. დაგვპირდნენ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, პრობლემა შემოდგომისათვის საბოლოოდ უნდა მოგვარდეს”,- JNEWS-თან სატელეფონო საუბარში გვაცნობა სოფელ ვარევანის სპეციალისტმა მიშა სტეფანიანმა.

აღსანიშნავია, რომ წელს სოფელ ვარევანში ახალი წყალგაყვანილობის მშენებლობისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი იყო 500 000 ლარი და 188 250 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ახალი წყალგაყვანილობის სიგრძე 12,5კმ შეადგენს. ახალი წყალგაყვანილობის ხაზი მეზობელ სოფლებსა და მიწებზე არ გაივლის, არამედ ჭაობებსა და უკაცრიელ ნაწილებში გავა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვარევანის წყალგაყვანილობა აშენებულია 2010 წელს. მაშინ დახარჯული იყო დაახლოებით 180 000 ლარი. თუმცა, რადგან წყალგაყვანილობა რამდენიმე სოფელს გადის, ამ სოფლის მოსახლეობა სოფელ ვარევანის სასმელ წყალს მორწყვისათვის იყენებს, და ზაფხულის თვეებში წყალი ვარევანამდე ვერ აღწევს.