პატარა და დიდ კაჟერებს შორის არის ერთ-ერთი ლამაზი, მწვანე, სუფთა სოფელი – დამალა. დღევანდელი მონაცემებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთადერთ სომხებით დასახლებულ სოფელში 1400 მოსახლე და 400-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას სოფლის დატოვების სურვილი არ აქვს, ხოლო ვინც წავიდა, ახლა სახლში ბრუნდება და მშობლიურ სოფელში აგრძელებს ცხოვრებას.

ერთი შეხედვით დამალა თვალშისაცემია თავისი სისუფთავით. ფაქტია, რომ „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ფართომასშტაბიანი პროგრამის“ ფარგლებში სოფელში 105 ადამიანი დასაქმდა, რომლებიც სოფლის ყოველი კუთხის სისუფთავეს უზრუნველყოფენ, რაც სოფლის მცხოვრებლებისთვის ძალიან საამაყოა. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ სოფელში უამრავი ტურისტი მოდის.

kokhta berd

 

ასპინძის მუნიციპალიტეტი მოიცავს 24 სოფელს, რომელთაგან ერთ-ერთი სომხებით დასახლებული დამალაა. აქ დამალას მკვიდრნი 1828 წელს დასავლეთ სომხეთიდან ჩამოსახლების შემდეგ დასახლდნენ.

khaghogh

 

„ასპინძის მერია ყველაფერში გვეხმარება, ასე რომ, თუ ვიტყვი, რომ 100%-ით კმაყოფილი ვართ, დამიჯერეთ, არ შევცდები. სასმელ წყალთან დაკავშირებით არ არის პრობლემა, უბრალოდ არ გვაქვს სარწყავი სისტემა, იმედია, რომ უახლოეს მომავალში ესაც გვექნება. ყველაზე უმნიშვნელო პრობლემაც კი არ გვაქვს“, – ამბობს სოფლის მკვიდრი ანტონ კერეკციანი.

ინტეგრაციის პრობლემაც არ აქვთ, მოხუცები ქართულად საშუალო დონეზე ლაპარაკობენ, ახალგაზრდები კი ენას ძალიან კარგად ფლობენ. სოფელში ინარჩუნებენ სომხურ ტრადიციებს. ყველა სახლში შეგიძლიათ იხილოთ სუფრები ან სხვა საგნები სომხური ორნამენტებით.

სოფლის საჯარო სკოლაში წელს 12 პირველკლასელი შევიდა, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 161 ადამიანია.

ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას ძირითადად ერევანში იღებენ, არიან ისეთი სტუდენტებიც, რომლებიც თბილისში სწავლობენ.

erexaner

 

1 ოქტომბერს სოფლის საჯარო სკოლაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დაიწყება. მოსწავლეები სწავლას სოფელში სახელმწიფო ნაქირავებ სახლში გააგრძელებენ, სადაც ბავშვები სკოლაში ორ ცვლაში ივლიან.

სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ახალგაზრდები დიდ ქალაქებში სასწავლებლად მიდიან, ნახევარი ბრუნდება, ნახევარი არა. სოფელში არის ექიმი და პედიატრი, ასევე ვეტერინარი.

დამალში ხალხი ძირითადად მესაქონლეობით არის დაკავებული, მიწათმოქმედებით ნაკლებად არიან დაკავებული, რადგან მიწის ფართობი ცოტა აქვთ, თითოეულ ოჯახს მხოლოდ 35 მეასედი მიწა აქვს.

უკმაყოფილონი არიან წლევანდელი მოსავლით , არც ხახვს და არც ნიგოზს არ მოუტანია კარგი მოსავალი. ხახვი არ გაიზარდა, ხოლო კაკალი-გაშავებულია.

enkyuz

 

„ყოველ წელს ორი ხიდან 1 ტონა ვაშლს ვიღებდი, მაგრამ წელს მოსავალი ძალიან ცოტაა, რაც არის, გაფუჭებულია. ჩვენს სოფელში ერთადერთი პრობლემა სარწყავი წყალია, ფაქტობრივად, არის წყალი, რომელიც 3-4 კმ-ს გადის, ყველამ საკუთარ მინდორში მილი გახვრიტა, და დანარჩენებს არ ხვდებათ“, – ამბობს სოფელ დამალას მცხოვრები გრიგორ ფილიპოსიანი.

sokh

 

სოფლის მცხოვრებთა ძირითადი შემოსავალი საზღვარგარეთიდანა. თუმცა, რუბლის გაუფასურების გამო, წელს ბევრი არ წავიდა რუსეთში და ასპინძაში დასაქმდა.

სოფლის მერის წარმომადგენელი მარტინ კერეკციანი ამბობს:

„ჩვენი კულტურის სახლი გარემონტდა, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით ვიღებთ 40 000 ლარს, საიდანაც 20 000 ადგილობრივი თვითმმართველობა, 20 000 ლარს სახელმწიფო გამოყოფს. სოფელში ქუჩების 90%-ზე მეტი განათებულია, 80%-ზე მეტი ასფალტირებულია, ორ წელიწადში, რა თქმა უნდა, დავასრულებთ. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ნაწილობრივ მოგვარებულია, გვაქვს ორი მიმართულება, ერთი შარშან გარემონტდა, მეორეს გარემონტება მომავალ წელს იგეგმება. წყალი მთებიდან მოდის სოფლებში. ჩვენ არ გვაქვს სარწყავი სისტემა, იმედია ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ. 5 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარის ფარგლებში განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტი“, – თქვა მარტინ კერეკციანმა.

damala 1

 

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ კავშირი ახალქალაქის სოფლებთან ძალიან მჭიდროა, რძლები ძირითადად ახალქალაქიდან არიან. მათ ჰყავთ ეროვნებით ქართველი ერთი რძალი და ორი სიძეც, რომლებიც ახლა დამალში ცხოვრობენ.

ასევე აღნიშნავენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ეროვნების ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ ახლა ისინი ძალიან კარგად ცხოვრობენ ერთად, ასპინძაში მომსახურების სფეროში მომუშავეებიც კი ჯერ ამათ ემსახურებიან, შემდეგ ასპინძის მუნიციპალიტეტის დანარჩენ მოსახლეობას.