დარბინიანისა და თავისუფლების ქუჩების გადაკვეთაზე არსებული დიდი ორმოები ავარიულ სიტუაციებს ქმნიან. პრობლემა გასული წლიდან არსებობს, ორმოები გზის რეაბილიტაციის შედეგად წარმოიქმნა. თუმცა, ავარიული სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით ორმოების შეკეთების სამუშაოები დღემდე არ ჩატარებულა.
ქალაქის ცენტრში, თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების გზაჯვარედინზე, პირდაპირ შუქნიშანთან, სავალ ნაწილსა და ცენტრალურ წყალგაყვანილობაზე შარშან ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ორმოები წარმოიქმნა, რომელიც სულ უფრო დიდდება. ერთ დროს ორმო ქვიშით დაფარეს, რამაც დიდხანს ვერ გაძლო. ბოლო პერიოდში ორმო კვლავ დაფარეს, თუმცა ამანაც ვერ მოაგვარა პრობლემა. ორმო უფრო გადიდდა და გაფართოვდა. ორმოების გვერდის ავლის მიზნით მანქანები ან შემხვედრ ზოლზე გადადიან და ავარიულ სიტუაციას ქმნიან ან სხვა, გვერდითა ორმოში ვარდებიან.
წვიმის დროს სიტუაცია უარესდება, რადგან მძღოლი ორმოს სიღრმეს ვერ ხედავს და ვერ საზღვრავს, ვარდება და მანქანას აზიანებს. მძღოლებმა ამ საკითხთან დაკავშირებით JNEWS-ის რედაქციაში არაერთხელ იჩივლეს. პირველი სტატიის გამოსვლის შემდეგ, ორმო მიწით დაფარეს, თუმცა სულ მალე სიტუაცია მეტად გაუარესდა.
ინფორმაციის მოპოვება საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან შევეცადეთ, თუმცა ამ საკითხით პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება JNEWS-ის თანამშრომლებმა კვლავ ვერ მოახერხეს.
კიდევ მსგავს თემაზე:
ან შემხვედრი ზოლი ან დამტვრეული მანქანა
ჯავახეთის ქუჩის გარემონტებას გვპირდებიან წელს