სოფელ ბავრასთან ბუნებრივი აირის ცენტრალურ ხაზზე დაზიანების შედეგად ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების, რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუჩერდა. როდის აღდგება გაზის მიწოდება ჯერჯერობით უცნობია.
გუშინ, 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრასთან მიწის სამუშაოების დროს ტრაქტორმა გაზსადენი მილი დააზიანა, რის შედეგადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. დაზიანების შედეგად ბუნებრივი აირის გარეშე დარჩნენ: კარტიკამი, კულიკამი, ბავრა, ხულგუმო და მიმდებარე სოფლები.
გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-ის დირექტორის, რაზმიკ გუმაშიანის თქმით, ავარიის შედეგად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების გარდა ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელიც.
მისი მტკიცებით, ადგილზე გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ, თუმცა როდის აღმოფხვრიან ავარიას ჯერჯერობით უცნობია.
“ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის აღდგება გაზის მიწოდება, რადგან საკმაოდ ბევრი სამუშაო გვაქვს. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ ბუნებრივი აირის მიწოდება”, – განაცხადა გაზგამანაწილებელი კომპანიის დირექტორმა, რაზმიკ გუმაშიანმა.