საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და ამავე საკრებულოს აპარატის თანამშრომელი დააკავეს. მიზეზი, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვაა. პირები დანაშაულის ფაქტზე აიყვანეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 8.310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34.000 ლარს აღემატება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას ახლობლებისგან აქვს და ამ საკითხზე ჯერ რაიმე ოფიციალური ცნობა არ მიუღია.

“მეც ახლა გავიგე. თბილისში ვარ, არ ვარ ადგილზე და დეტალები არ ვიცი, არც რაიმე ოფიციალური ცნობა მიმიღია. თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აქ გვქონდა შეხვედრა. ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი ვიცი”, – აცხადებს ბესიკ ფარცვანია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.