პარასკევს, 17 ივლისს, სეტყვამ, რომელიც სოფელ პატარა სამსარში ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, არა მხოლოდ მთლიანად მოსავალი გაანადგურა, არამედ გააფუჭა გზა, რომელსაც სოფელ დიდ და პატარა სამსარში მივყავართ, ასევე დაზიანდა ხიდი. ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელს ინფრასტრუქტურის მოგვარებაში დაეხმარება, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობისაგან კომპენსაციას ვერ მიიღებს.
ძლიერმა სეტყვამ, ხოლო შემდეგ კი კოკისპირულმა წვიმამ, რომელიც სამსარის ქედზე გაუჩერებლად მოდიოდა, სოფლის მოსახლეობას ფაქტიურად მთლიანი მოსავალი გაუნადგურა. სოფელ პატარა სამსარის მოსახლეობას, რომელიც წელს შემოსავლის გარეშე დარჩა, მხოლოდ ამ მოსავლის იმედი ჰქონდა. .
18 ივლისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, რამდენიმე დეპუტატთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად დაზარალებული სოფლები მოინახულა.
როგორც მან JNEWS-თან კომენტარში სთქვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეხმაროს სოფელს, თუმცა სტიქიისაგან დაშავებული მოსავლის ფულადი კომპენსაცია შეუძლებელია.
“როდესაც ჩვენ იქ ვიყავით, ჩვენ გვთხოვეს მეურნეობებს დავეხმაროთ. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან მიწის ნაკვეთები პრივატიზირებული არ არის. ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ მხოლოდ იმით, რომ საწვავთან დაკავშირებით შევთანხმდეთ. რადგან მათ ბუნებრივი აირი არ აქვთ, შეგვიძლია შევუთანხმდეთ და ტყე-მეურნეობისგან მივცეთ შეშა. სარეზერვო ფონდით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ ხიდის რეაბილიტაციაზეა საუბარი. ამას გარდა, პატარა სამსარამდე მიმავალი გზის გრეიდერით გასწორებაა შესაძლებელი, მაგრამ სეტყვით მიყენებული ზარალის კომპენსაცია ამ ფონდიდან არ შეგვიძლია”,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი.
პატარა და დიდ სამსარში არსებული ვითარების შესახებ ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა კომენტარი გააკეთა, მან თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დაზარალებულ სოფლებს დაეხმაროს.
“მე ვამზადებ წერილს თხოვნით, რათა დაგვეხმარონ, მაგრამ არ ვიცი- რთულია ამის გაკეთება, რადგან ხალხს დაზღვევა არ აქვს. იქ გზაც გაფუჭდა, დაინგრა ხიდი- ამას, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. დავწერთ წერილებს, რათა სამსარელებს უახლოესი სოფლებიდან შეშა გამოუყონ. ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ, რადგან ძალიან დაზარალდნენ. ინფრასტრუქტურას ცალსახად გავაკეთებთ. ყველა პროექტზე მუშაობს, მალე მზად იქნება”,- სთქვა ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა.
ამასთანავე გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო დანარჩენ სოფლებში მიმოსვლა, ამჟამად პრაქტიკულად გამოუყენებელ მდგომარეობაშია. JNEWS-ის ჟურნალისტებმა სტიქიამდე ერთი დღით ადრე მოინახულეს პატარა სამსარი, და უკვე მაშინ გზა რთულად გასავლელი იყო, ხოლო სტიქიის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.
ფოტო და ვიდეო ვარდუი კურღინიანისაგან