ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის მკვიდრმა სურიკ კარაპეტიანმა საკუთარი მეცხოველეობის ბიზნესი განავითარა. ის და მისი ოჯახი დილიდან საღამომდე მუშაობენ და კმაყოფილნი არიან იმით, რომ საკუთარი ბიზნესის შექმნა შეძლეს და სამსახურით 20 ადამიანს უზრუნველყოფენ.

სურიკ კარაპეტიანი უკვე 30 წელია მესაქონლეობით არის დაკავებული. სოფელ ალათუმანში მისი მთელი ოჯახი ამ ბიზნესშია ჩართული. კარაპეტიანების ოჯახი დილის ხუთ საათზე დგება, რათა იმ დღეს დაგეგმილი ყველა სამუშაო მოასწროს, განსაკუთრებით კი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში.

სურიკ კარაპეტიანს უყვარს მისი საქმე და მას დიდი სიამოვნებით აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ სამუშაო ძალიან რთულია. და ალბათ, ეს მართლაც ასეა, თუ არ გეყვარება საქმე, არც წინსვლა გექნება. ამ საქმეში წარმატებას მან ნამდვილად მიაღწია, ყოველ შემთხვევაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ის მესაქონლეობის მსხვილ ფერმერად ითვლება.

სურიკ კარაპეტიანმა ფიზიკური კულტურის უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც ვეტერინარის განათლების მიღება გადაწყვიტა. მან ზოოტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, იქ ორი წელი ისწავლა. შემდეგ, მისი თქმით, რთული 90-იანი წლები დგება, და ფერმერი სწავლას წყვეტს. ამ გზით, სურიკს ვეტერინარის განხრით არასრული განათლებაც აქვს მიღებული.

სურიკმა ბიზნესი 30 ძროხით დაიწყო, თანდათანობით რაოდენობა გაიზარდა. დღეს მისი მეურნეობა დაახლოებით 300 ძროხას შეადგენს, რომელთაგან 200 მეწველია, ხოლო 100 ხბო, ასევე 50 ღორი და 500 ცხვარი. წელს შვილის კოოპერატივმა, რომლის წევრიც სურიკია, ევროსაბჭოს ENPARD-2-ს პროგრამით ესტონეთიდან გოლშტინისა და ფლეკფის ჯიშის 35 ძროხა იყიდა.

kov alatuman

ძროხები დღეში 1,5ტ რძეს იწველიან, რასაც მეზობელი სოფლის მეწარმეს აბარებენ, ის რძეს ამუშავებს. ძროხებს ხელითაც და ავტომატურადაც წველიან. ხორცს ადგილზე ყიდიან ან საქართველოს სხვა რეგიონების მყიდველებს გააქვთ, რომლებიც უკვე იცნობენ სურიკს და მასთან თანამშრომლობენ.

კარაპეტიანი თვლის, რომ მარტივი სამუშაო არსად არ არის, უბრალოდ მუშაობაა საჭირო.

“თუ არ იმუშავე, არცერთი ბიზნესი არ იქნება მომგებიანი. დილის ხუთი საათიდან ფეხზე ვართ, მწველავებთან ერთად საძოვრებზე მივდივართ, რათა ძროხები მოწველონ, შემდეგ რძე მოგვაქვს და ვაბარებთ. მყიდველები დილით ადრე მოდიან. მთელი ოჯახით ვმუშაობთ. ჩემი მეუღლე და რძალი საქონელს კვებით უზრუნველყოფენ, მათ ჭარხალი მოყავთ, სეზონზე 100 ტონას თესავენ”,- ყვება ფერმერი.

კარაპეტიანი სამსახურით 20 ადამიანს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მისი თქმით, ზამთრის სეზონზე ის თანასოფლელებს რძით აკმაყოფილებს, რადგან ამ სეზონზე ძროხები არ იწველება, ხოლო მას ძროხების ლაქტაციური პერიოდის დარეგულირება შეუძლია, მერძევე ძროხები მას ყოველ სეზონზე ჰყავს.

სოფელ ალათუმანში ახლა დაახლოებით 100 ოჯახი ცხოვრობს, ხოლო როდესღაც 300 ოჯახი იყო. სამუშაოს არარსებობის გამო ყველა სხვაგან გადავიდა. ერთ დროს რუსეთში სამუშაოდ სურიკ კარაპეტიანიც წავიდა, მაგრამ შემდეგ, როგორც ის ამბობს, გადაიფიქრა და საკუთარი საქმე შექმნა და სამშობლოში მუშაობა გადაწყვიტა.

“თუ შეგიძლია მუშაობა- ყველგან ნახავ სამსახურს. აქ, ოჯახთან ახლოს უკეთესია ვიდრე რუსეთში”,- აღიარა მან.

სურიკ კარაპეტიანს მესაქონლეობის ბიზნესში ყველაზე რთულ საქმედ საქონლის კვებით უზრუნველყოფა მიაჩნია. ზაფხულში საქონელი საძოვრებზე გაჰყავთ, სადაც მას თვალყურს მწყემსი ადევნებს.

alatuman

ერთი ახალგაზრდა, არამაის პაპიკიანი- მწყემსად მუშაობს და მისი სამსახურით ძალიან კმაყოფილია. მას წელს რუსეთში წასვლა უნდოდა, თუმცა პანდემიამ მის გეგმებს ხელი შეუშალა და სურიკ კარაპეტიანთან მწყემსად დაიწყო მუშაობა.

“მწყემსის სამუშაო რთული არ არის, ცოტა მოსაწყენია, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ, რომ სამუშაო მაქვს”,- ამბობს არამაისი.

alatuman1

სურიკ კარაპეტიანი ამაყობს იმით, რომ ის და მისმა კოოპერატივმა პროგრამით გოლშტინისა და ფლეკფის ჯიშის 35 ძროხა იყიდეს. თვდაპირველად ცოტას ფრთხილობდნენ, რადგან ჯავახეთში ახალ ჯიშებს შეიძლება ვერ ეცოცხლათ, თუმცა საქონელი ჩვენი ამინდის პირობებს შეეგუა. ესტონეთში ისინი დღეში 50-60 ლიტრა რძეს იძლეოდნენ, აქ კი 30-35 ლიტრა რძეს იძლევიან.

ssurik

“ახალი ჯიშები ჩვენს კლიმატურ პირობებს რთულად ეგუებიან, ყველაზე რთული კვებაა, ჩვენ ვცდილობდით კვება მიგვემსგავსებინა იმას, რაც ესტონეთში ჰქონდათ. ცხოველებმა ადაპტაცია რთულად გაიარეს, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ისევე, როგორც ნებისმიერ საქმეში, სირთულეები აქაც არის, თუმცა მათი გადალახვა შესაძლებელია. ახლა 35 ძროხა იმდენ რძეს მაძლევს, რამდენსაც 100 ძროხისგან ვღებულობდი”,- ამბობს სურიკი.

ისეთი ადამიანები, როგორიც სურიკ კარაპეტიანია, ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუ ადამიანი მუშაობს და მიისწრაფვის, აუცილებლად მიაღწიოს რამეს. შეიძლება მიაღწიო წარმატებას ისე, რომ მშობლიური ადგილი არ მიატოვო. ჯავახეთს ზუსტადც ასეთი ადამიანები ავითარებენ.