ევროკავშირმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), პროგრამის ENPARD3-ის ფარგლებში, სამი წლის განმავლობაში ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 785 431 ლარის ოდენობით 56 პროექტი დააფინანსა.
ENPARD3 პროგრამა ჯავახეთში (ახალქალაქი და ნინოწმინდა) 2019 წლის ბოლოს დაიწყო და ევროკავშირის, FAO-ს და CNFA-ს ტექნიკური დახმარებით ხორციელდება, რომლის რეგიონალური კოორდინატორი მახარე მაცუკატოვი იყო და იგი მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას აწვიდა და კონსულტაციას უწევდა. პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ბუკლეტები სამ ენაზე დაიბეჭდა: ქართული, სომხური და რუსული. პროგრამა ENPARD3 მოსახლეობას ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) გააცნო.
პროგრამამ სოფლის მეურნეობის პროექტები 40%-ით დააფინანსა, 60%-ს კი ფერმერის ხარჯი შეადგენდა. სამი წლის განმავლობაში ჯავახეთში პროგრამის დაფინანსებაზე 93 განაცხადი შევიდა. 56 პროექტიდან 1 ნინოწმინდიდან იყო, დანარჩენი კი ახალქალაქში დაფინანსდა. უკანასკნელის დაფინანსებაზე დახარჯული ჯამური თანხა 774 336 ლარს შეადგენს. ნინოწმინდაში 1 პროექტზე კი 11 095 ლარი დაიხარჯა.
პროექტების ფარგლებში ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 47 ტრაქტორი და 66 დანამატი შეიძინეს: კულტივატორები, სათიბები, მისაბმელები, საკვების მიქსერები და ა.შ.
პროგრამის ოფიცრის ხავიერ სანს ალვარესის თქმით, პროექტის შედეგებით ძალიან კმაყოფილნი არიან. ბენეფიციარებმა მონიტორინგისას განვითარება, დადებითი შედეგები და გაზრდილი შემოსავალი აღნიშნეს.
პროგრამა ENPARD3 2022 წლის ბოლოს დასრულდა და 2023 წელს ENPARD4 დაიწყო.
Jnews-მა პროექტის ხელმძღვანელებთან დააზუსტა, შედის თუ არა ENPARD4-ის ფარგლებშ ჯავახეთშიც.
„ვცდილობთ იმ ადამიანებთან გავარგძელოთ თანამშორომლობა, რომლებთანაც უკვე გვიმუშავია და უკვე დავაფინანსეთ. მეოთხე ეტაპი საკვები პროდუქტების უსაფრთხოებაა. არ ვიცით გრანტებს გავცემთ თუ არა, მაგრამ სურსათის უვნებლობაზე ტრენინგები აუცილებლად ჩატარდება. პროექტში ახალქალაქი და ნინოწმინდაც შედის. ამ დრომდე მხოლოდ ეს არის ცნობილი“, – განმარტა პროგრამის ოფიცერმა ხავიერ სანს ალვარესმა.