ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის რეფორმის დროს მოსახლეობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. რამდენი მიწაა უკვე დარეგისტრირებული, რატომ მიდის პროცესი ნელა, რა პრობლემები ჩნდება პროცესში, ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მოძებნად JNEWS-ი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში შეეცადა.
2016 წლიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მიწის რეგისტრაციაზე 7000 განცხადება მიიღო, მათგან 5000-ის ავტორმა საკუთარი მიწის ნაკვეთი უკვე დაარეგისტრირა. 25 საქმე სასამართლოში გადაწყდა, ძირითადად მეზობლებს შორის უთანხმოების გამო. 1000-ზე მეტი საქმე განხილვის პროცესშია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან დაიწყო იმ მიწების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან გამოუყვეს. მაშინ თითო ოჯახს მაქსიმუმ 1 ჰა 25 მეასედი ფართობის მიწა გადასცეს.
თავიდან მიწის რეგისტრაცია მას შეეძლო, ვისაც მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ჰქონდა. თუმცა, პროცესში აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი ყველას არ ჰქონდა, არ იყო სრულყოფილი, ან ხარვეზები ჰქონდა. ამის გამო, მუნიციპალიტეტში მიწის რეგისტრაცია წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა.
თუმცა, “მიწის შესახებ კანონში” ცვლილებების შეტანის შემდეგ, 2020 წლიდან რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მიღება-ჩაბარების დოკუმენტის გარეშეც და ამან მასობრივი სახე მიიღო. მიწის რეგისტრაციის პროცესში საჯარო რეესტრში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია დოკუმენტების ნამდვილობას ადასტურებს, ან საკუთრების ნამდვილობას ამტკიცებს დოკუმენტის გარეშე.
მერიის ქონებისა და დაგეგმარების სპეციალისტის, ავაგ არევიანის თქმით, 150 განმცხადებლის პრობლემა ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ დოკუმენტებით მიწის ნაკვეთები მეზობლის მონაკვეთზე ხვდება.
“ჩვენ დოკუმენტის მქონე რეალური ნაკვეთის იდენტიფიცირებას ვახდენთ, რადგან რეფორმის დროს გაცემული დოკუმენტები არ არის სრულყოფილი. პრობლემები ძირითადად მეზობლებს შორის არის. ჩვენ გვიგზავნიან დოკუმენტებს დასამტკიცებლად, რომ აღნიშნული მონაკვეთი ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნულ ადამიანს და მეზობლებს არ აქვთ პრეტენზია”, – ამბობს ავაგ არევიანი.
ისინი იმ დოკუმენტებს განიხილავენ, რომლებიც არასრულყოფილი, ან პრობლემატურია. მისი თქმით, არის სოფლები, რომლებიც მეტად აქტიურია, რომლებიც არ ჩქარობენ რეგისტრაციას და ამას საკუთარი მიზეზები აქვს.
მიწის ნაკვეთებს მასობრივად არეგისტრირებენ ისინი, ვისი მიწებიც ცენტრალურ გზებთან ახლოს არის განლაგებული და მეტი ღირებულება აქვთ, ასევე ბევრი დარეგისტრირებულია იმ ნაკვეთებზე, სადაც სახელმწიფო პროექტები განხორციელდა.
აქტიურები არიან სოფლების: სულდას, ხულგუმოს, ბავრას, ხოსპიოს, მარტუნის, დადეშის, ბოზალის მოსახლება.
აქტიურები არ არიან დიდი სამსარის, პატარა სამსარის, მოდეგამის, ზაკის, ქალაქიდან მეტ-ნაკლებად დაშორებული სოფლები.
აქტიური არ არის ასევე ის მოსახლეობა, ვისი ნაკვეთებიც, რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ეს უკვე დაკავშირებულია ხარჯებთან. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია უფასოა, აეროგადაღება ფასიანია. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო თითოეული ნავეთის აეროგადაღება. ერთი აეროგადაღება ღირს 50 ლარი.
დღესდღეობით თვითონ რეგისტრაციის პროცესი სახელმწიფო რეესტრში გამონაკლისის სახით მიმდინარეობს და, ზოგადად, თითოეული ნაკვეთის რეგისტრაცია რეესტრში 50 ლარი ღირს, აღნიშნული აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის პროცესის გაგრძელება, რაც მოქალაქეებს შორის უკმაყოფილებას იწვევს, ავაგ არევიანი შრომატევადი პროცესით ხსნის.
“თითოეული დოკუმენტი მოწმდება, ადგილზე მივდივართ, სოფელში, ვამოწმებთ, ვზომავთ. ხანდახან ქონების დეპარტამენტიდან პასუხი 3 თვით ჭიანურდება, ან ნაკვეთი არ არის კარგ ადგილას, ზამთრის პერიოდში საზღვრები არ ჩანს და იძულებულნი ვართ დაველოდოთ სანამ თოვლი დადნება”, – ამბობს ავაგ არევიანი.
კანონით ერთი მიწის რეგისტრაციის პროცესი შეძლება 3 თვემდე გაგრძელდეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მერიის შეფასებით, მიწების 50%-ზე მეტი უკვე დარეგისტრირებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ხაჩატურ ალექსანიანი უფლებამოსილია იმ საქმეებით დაკავდეს, როცა მესაკუთრეს დოკუმენტები არ აქვს. ასეთი საქმეები მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრია.
“თუკი დავრწმუნდებით, რომ აღნიშნული ფიზიკური პირი მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა მიწის ნაკვეთს, არ არის მეზობლებს შორის საკამათო საკითხები, ან ნაკვეთი სხვას არ აქვს მითვისებული, ვიწყებთ პროცესს და ნაკვეთი რეგისტრირდება. ამ ყველაფერს ადგილზე ვაზუსტებთ. ამაში კომისიის წევრებიც გვეხმარებიან. თუკი მიწა მითვისებული აქვს მოქალაქეს და რეფორმის დროს არ არის გამოყოფილი, რეგისტრაციაზე უარს ვეუბნებით. პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები გვქონდა”, – ამბობს ხაჩატურ ალექსანიანი.
2020 წელს მერიის იურიდიულ სამსახურში 1200 განცხადება შევიდა, მათგან 550-ზე უკვე მიიღეს გადაწყვეტილება. 10 საქმე მითვისების მიზეზით უარყოფილია.
ხაჩატურ ალექსანიანი მოქალაქეებს სთხოვს, რომ ცოტათი მომთმენნი იყვნენ, რადგან მუშაობა ბევრ დროს საჭიროებს.
“ჩვენ ამ სამუშაოში სოფლის უფლებამოსილი პირებიც ჩავრთეთ, მაგრამ მაინც გვჭირდება ყველა დოკუმენტის შემოწმება, ხოლო ეს ბევრ დროს საჭიროებს. Covid-ის გათვალისწინებით, რეესტრი არეგისტრირებს ასევე იმ დოკუმენტებს, რომლებსაც ვადა გაუვიდათ, თუკი დროც ამოიწურა, საჭიროა განცხადების დაწერა და საქმე განახლდება. უბრალოდ, გთხოვთ, იყოთ მომთმენნი და მერიაში ხშირი ვიზიტებით ხელი არ შეგვიშალოთ. ჩვენ განცხადებებს რიგრიგობით განვიხილავთ, თარიღის მიხედვით”, – ამბობს ხაჩატურ ალექსანიანი.
მისივე თქმით, არის ფაქტები, როცა დოკუმენტების მიხედვით ფიზიკური პირის მიწა სახელმწიფო მიწაზეა გადასული. მისი თქმით, მაგალითად სოფელ კუმურდოში ასეთი შემთხვევა ბევრია. დოკუმენტების მომზადების დროს შეინიშნება, რომ ფიზიკური პირი მიწას მრავალი წელია ამუშავებს და საკუთარ მიწად თვლის, რეესტრში კი, დარეგისტრირებულია, როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა.
“ხშირად საზღვარი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწას ემთხვევა. ამ შემთხვევაში რეესტრში ვგზავნით, ისინი სახელმწიფოსთან აკეთებენ ქონების განაცხადს, იმის თანხმობას ითხოვენ, რომ ეს მონაკვეთი აღნიშნულ პირზე დაარეგისტრირონ, მერიის გადაწყვეტილების თანახმად. სახელმწიფო მუდამ გვთანხმდება. უარი ჯერ არ მინახავს”, – ამბობს ხაჩატურ ალექსანიანი.
იმის შესახებ, თუ რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო, რომ მიწა დაარეგისტრიროთ JNEWS-ის შემდეგ მასალაში წაიკითხეთ.