ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მეორე პრიორიტეტული სამუშაოები ავტომატურად განულდა, ხოლო ერთ სოფელში პრიორიტეტები თვითონ სოფლის მოსახლეობამ შეცვალა. ეს და სხვა დანარჩენი ცვლილებები ქ.ახალქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განსახილველად წარადგინეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის სამუშაოები განხორციელების პროცესშია, თუმცა ზოგიერთ სოფელში დაგეგმილი სამუშაოების პრიორიტეტების ცვლილება მოხდა.
მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში მეორე პრიორიტეტული სამუშაოები ავტომატურად განულდა, რადგან “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით გამოყოფილი თანხა ერთი სამუშაოს შესრულებას ეყოფა. ამ სოფლებს შორის არიან: თოთხამი- 10 000 ლარი, ჩამდურა- 16 000 ლარი, გოგაშენი- 12 000 ლარი, აფნია – 10 000 ლარი, ხულგუმო- 16 000 ლარი, ბუზავეთი- 10 000 ლარი, პტენა- 12 000 ლარი. აღნიშნულ სოფლებში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში გარე განათება გაჰყავთ.
სოფელ კულიკამში პრიორიტეტული სამუშაოები სოფლის მოსახლეობამ თავად შეცვალა. თავდაპირველად სოფლის მოსახლეობას სპორტული ინვენტარის შეძენა სურდა, თუმცა ჩატარებული შეხვედრის შემდეგ პრიორიტეტი მინი სტადიონის მშენებლობით შეცვალეს. სოფელ კულიკამისთვის გამოყოფილი თანხა 20 000 ლარს შეადგენს.
ერთობლივ პროექტში გაერთიანდნენ სოფელი მარტუნი და ხოსპიო. მათ სპორტული მოედნის აშენება სურთ. ორივე სოფლისათვის გამოყოფილი თანხა 24 000 ლარს შეადგენს.
სოფელ ბუღაშენმა, ბეჟანომ და ოკამმა განცხადებები დაწერეს და მეორე პრიორიტეტული სამუშაოები გაანულეს, დატოვეს მხოლოდ ერთი. ამ სოფლებს 16 000 ლარი გამოეყო. სოფელ ბეჟანოში გარე განათების გაყვანა სურთ, ხოლო ოკამსა და ბუღაშენში წყალგაყვანილობის რეაბილიტაციას გეგმავენ.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელის მაგდა ამირშადიანის თქმით, პრიორიტეტებში ცვლილებები ყოველ წელს ხდება.
“თუმცა, ჩვენ ყოველთვის ხარისხიანი სამუშაოს შერჩევას ვთავაზობთ”,- ამბობს ის.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის 10 სამუშაოზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია- ეს სოფლებში გარე განათების დამონტაჟების სამუშაოებია.
როგორც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, დანარჩენი ტენდერები თანდათანობით გამოცხადდება, ის იმედოვნებს, რომ ოქტომბრამდე ყველა სამუშაო დასრულებული იქნება.
სხვადასხვა სამუშაოს განხორციელების 34 პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მერიამ მაპროექტებლებისგან უკვე მიიღო, ხოლო საერთო ჯამში წელს მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით 100 სამუშაოზე მეტი განხორციელდება.
წელს “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამით ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 922 000 ლარი მიიღო.