ახალქალაქში სოფლის მეურნეობის ახალი მეთოდების დანერგვის ინსტრუქციები შეიმუშავეს და გამოაქვეყნეს, რომლებმაც ცვალებადი კლიმატის პირობებში დიდი ეფექტი უნდა მოახდინონ. მიუხედავად იმისა, რომ მეთოდები ახალქალაქში არსებული პირობების საფუძველზე შემუშავდა, ისინი მაინც უნივერსალურია და ევროსაბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზეა დაფუძნებული.
გლობალურ დათბობასთან ერთად ბუნებაში ბალანსიც იცვლება და შესაბამისად იცვლება პროდუქტიც, რომელსაც ბუნება, დედამიწა გვაძლევს. ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია და რასაც აქ მიწა იძლევა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, სოფლის მეურნეობის ძველი, გამოცდილი მეთოდები არახელსაყრელია, ხოლო ახლები ჯერჯერობით სრულყოფილად დანერგილი არ არის.
GIPA-ს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია «ელვას», «მერსი კორფსის» და «დასავლეთ კორკის» პარტნიორობით, ასევე ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) «სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება» (ENPARD) პროგრამის ფარგლებში იქნა შედგენილი და გამოშვებული «კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვა ახალქალაქში» ელექტრონული სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო შპს «აგროგლობალის» დირექტორმა, აგრონომ სანდრო გუჯაბიძემ ახალქალაქის LAG-ს წევროს მახარე მაცუკატოვის თანაავტორობით შეადგინა.
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორი მახარე მაცუკატოვი ამბობს, რომ ეს სოფლის მეურნეობის ახალი მიდგომაა.
“გაჩნდა ზოგიერთი დაავადება, რომელიც ჯავახეთში ადრე არ იყო, მაგალითად, კოლორადოს ხოჭო ადრე წელიწადში ერთხელ მრავლდებოდა, ახლა ორჯერ. ასევე ჯავახეთში სეტყვა ასე ხშირი არ იყო, როგორც ახლა. კლიმატის გამოკვლევებით ჩვენ ვცდილობთ შევისწავლოთ და გავცეთ პატარა რეკომენდაციები ფერმერებისთვის, რათა მათ დაიწყონ იმაზე ფიქრი, თუ რა გააკეთონ, რომ მათი ბიზნესი და მეურნეობა ახალ კლიმატურ პირობებს შეესაბამებოდეს და რათა მათ კლიმატური პირობების პროგნოზირება და რისკების მაქსიმალური შემცირება შეძლონ”,- ამბობს მახარე მაცუკატოვი.
სახელმძღვანელოში ძირითადად გამოყენებულია ცნობები და ინფორმაცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან.
მახარე მაცუკატოვი თვლის, რომ სახელმძღვანელო ფერმერებს ძალიან სჭირდება, რათა მათ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი აწარმოონ და ბუნება არ დააბინძურომ.
“ფერმერები უნდა დაფიქრდნენ, რათა ერთი სფეროდან მიღებული შემოსავლით, მეორე სფერო არ დააზიანონ. მაგალითად, ქიმიკატები მეფუტკრეობას აზიანებს. საჭიროა ბიოორგანულ მეწარმეობაზე გადასვლა”,- ამბობს მახარე მაცუკატოვი.
“კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვა ახალქალაქში” ინსტრუქციის ელექტრონული ვერსია სომხურ, ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი.
ახალქალაქის LAG-ის პროექტის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) თანამშრომელი ქეთევან რუხაძე თვლის, რომ ეს პუბლიკაცია ახალქალაქისათვის კიდევ ერთი დიდი რეკლამა იქნება და რეგიონებში ინვესტორების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
“ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალქალაქელები გახსნილნი არიან ინოვაციისათვის, ახალი იდეებისა და გარემოს დაცვისათვის. ეს პუბლიკაცია ევროსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგულაციების საფუძველზეა შედგენილი, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ. თუ ერთი სოფელი გამოიყენებს რეკომენდაციებს, დიდი ეფექტი იქნება»,- ამბობს ქეთევან რუხაძე.
ამ მეთოდის დანერგვა, პროექტის ინვესტორების თქმით, პროდუქტების მწარმოებლურობას, პროდუქტების უსაფრთხოებას და ცვალებადი კლიმატისადმი ადაპტაციას გაზრდის და ამავდროულად შეამცირებს ზარალს, რომელსაც ბუნება სოფლის მეურნეობას აყენებს.