ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტები პირველი მაისიდან ამოქმედდება. ასევე, ოფიციალურად, პირველ მაისს გაიხსნება ცხვრის ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ გადარეკვის სეზონი. წლეულს, დაახლოებით 40 000 სულ ცხვარს თუშეთის, ხოლო 280 000 სულ ცხვარს სამცხე – ჯავახეთის მიმართულებით გადარეკავენ.
როგორც Jnews -ს სურსათის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, ფერმერებს საშუალება აქვთ, შეუფერხებლად ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტების მომსახურებით. სპეციალისტები ფერმერებს უსასყიდლოდ მოემსახურებიან.
მათივე თქმით, სააგენტოს ვეტერინარები ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით უზრუნველყოფენ პირუტყვის დამუშავებას ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს. დამატებითი ინფორმაციის მიღება სააგენტოს რეგიონულ სამსახურშია შესაძლებელი.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ მეცხვარეთა ასოციაციასთან.
ქვეყნის მასშტაბით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში (დედოფლისწყარო, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი), ცხოველთა გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილებში უახლესი სტანდარტების ექვსი ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.
მეცხვარეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და დიდი დარგია.
2019 წლის მონაცემებით, 200 000 სულზე მეტი ცხვრის ექსპორტი განხორციელდა. ერთი კილოგრამი გუდის ყველის ფასი კი დაახლოებით 20-30 ლარის ფარგლებშია