წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გასაყიდად შეშა ჯერ არ ჩამოაქვთ. იმ სოფლების მცხოვრებლები, სადაც გაზი არ არის, უკვე შეშფოთებულნი არიან, რადგან საღამოობით გათბობის საჭიროება უკვე იგრძნობა. ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური სამსახურის გარემოს დაცვის განყოფილებაში მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში დაგეხმარებიან შეშის შეძენაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები ხავეთი და დადეში იმ სოფლებს შორის არიან, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. მოსახლეობა უკვე შეშფოთებულია, რადგან შარშან ამ დროს შეშა უკვე ჰქონდათ, წელს კი გასაყიდად ჯერ არ მოაქვთ.
სოფელ ხავეთში მცხოვრები სირანუშ ჰარუთუნიანი ამბობს, რომ ყოველწლიურად ამ დროს სოფელში მანქანები შეშით მოდიოდნენ.
“სოფელში მხოლოდ ორმა ადამიანმა იყიდა შეშა. ან ვყიდულობდით, ან შეშაში ვცვლიდით ბალახს . ჩვენს სოფელში შეშის ფასი სხვა სოფლებთან შედარებით უფრო ძვირი ღირდა, რადგან შორეული სოფელია, გზა არ იყო, წელს გზას აშენებენ”,- ამბობს ის.
სამველ მკრტჩიანიც ზამთრისთვის შეშას ელოდება.ის ამბობს, რომ სოფელში არ ჩამოაქვთ და არც უფლებას აძლევენ, რომ თვითონ წავიდნენ და ჩამოიტანონ.
სოფელ ხავეთის მოსახლეობა ხშირად შეშას თივაში ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში ცვლის, თუმცა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბარტერი არ არის მომგებიანი, რადგან უფრო ძვირი უჯდებათ.
„70 თივას ვაძლევთ და 1 რიგ შეშას ვყიდულობთ. 1000 ლარზე მეტს ვხარჯავთ შეშაზე, გაზი ჯობია, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს. წელს არ ვიცით რას ვიზამთ“, – ამბობს მკრტჩიან სამველი.
სოფელ დადეშში წელს ჯერ მხოლოდ 4 ოჯახს აქვს შეშა ნაყიდი.
„ჩვენ გაზის დამონტაჟებაზე და საბოლოოდ სიძნელეებისგან გათავისუფლებაზე ვოცნებობთ. იმ სოფლებში, სადაც გაზი არ არის, შეშაზე ლიმიტი მაინც მოგვცენ, რომ ძვირად არ ვიყიდოთ. ნუთუ მუნიციპალიტეტს არაგაზიფიცირებული სოფლების ლიმიტი არ აქვს“, – ამბობს მაქსიმ კურგანიანი.
შეშის ერთი რიგი, დადეშის მცხოვრების კოლიას თქმით, 650 ლარი ღირს, მრავალშვილიანი ოჯახი წელიწადში 4 რიგს იყენებს, 2600 ლარს ხარჯავს. გარდა ამისა, არის დაჩეხვის, დახარისხების ხარჯები, ამასთანავე სახლში მუდმივი ჭვარტლის უხერხულობაა.
ახალქალაქის მერიის ეკოლოგიური სამსახურის გარემოს დაცვის განყოფილების უფროსმა, რამაზ ხუციშვილმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტისთვის შეშაზე ლიმიტი არ არის, თუმცა შეუძლია მსურველებს დაეხმაროს.
„ჩვენს მუნიციპალიტეტს ლიმიტი არ აქვს, ტყის სარტყლებიდან ჩამოვარდნილ ხეებს ვაძლევთ ტყის სარტყელთან მდებარე სოფლების მცხოვრებლებს, მაგრამ ასეთი რესურსი არ არის ყველასთვის. მოგვმართონ, დაწერონ განცხადებები, დავეხმარები. ჩამოვარდნილი ხეები აღარ არის, მაგრამ ადიგენში, ასპინძაში დავურეკავ, იქ მოამზადებენ, ხალხი წავა და აიღებს. ეს შეიძლება ყიდვაზე ნაკლები ღირდეს“, – ამბობს რამაზ ხუციშვილი.
(რამაზ ხუციშვილის ტელეფონი 599 85 53 33)