ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიისა და ტამბოვკის მოსახლეობა ჩივის, რომ ყოველ წელს კახეთიდან ცხვრის გადარეკვა მათი სოფლების გავლით ხდება და ყოველ ჯერზე მათი სოფლების წვრილ და მსხვილფეხა საქონელს სხვადასხვა დაავადებები უჩნდება.
«ცხვრის გადარეკვისათვის სპეციალური გზა არსებობს, რომლითაც მწყემსებმა უნდა ისარგებლონ, თუმცა ისინი უფრო მოკლე გზებს ეძებენ, რომელიც ჩვენი სოფლების გავლით გადის. ჩვენს საქონელს ყოველთვის სხვადასხვა დაავადება უჩნდება»,- ამბობს სოფელ ეშტიაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი პირი, იაგორ კოტოიანი.
სოფელ ეშტიისა და ტამბოცკის მოსახლეობამ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს განცხადებით მიმართა, რათა კახეთიდან ცხვრების სპეციალური გზებით გადარეკვა გაკონტროლდეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ მერიამ თავის მხრივ მოამზადა წერილი, რომელსაც გაუგზავნის იმ მუნიციპალიტეტებს, საიდანაც ცხვრების გადარეკვა ხორციელდება.
წერილი შემდეგ მუნიციპალიტეტებში გაიგზავნება: დედოფლისწყარო, საგარეჯო, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული, სიღნაღი და გურჯაანი.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად კახეთიდან საზაფხულო საძოვრებზე სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 280 ათას ცხვარი გადმოჰყავთ.
მასალა რადიო ნორიდან