ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მუნიციპალური საძოვრების იჯარის ვადა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. წელს მუნიციპალიტეტი მოიჯარეებთან ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებს. საძოვრების ელექტრონული აუქციონით გაქირავდება. ამ დროისთვის აუქციონზე სოფელ ბუზავეთში ერთი ნაკვეთია გამოტანილი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, Jnews-ის მოთხოვნის საპასუხოდ მერიიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე 3 წლით 2290 ჰექტარი საძოვარი გაიცა იჯარით. აქიდან 345 ჰექტარი საძოვარი ადგილობრივ ფერმერებს გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯავახეთის დაცული ტერიტორიებიდან 7733 ჰექტარი საძოვარი 5-წლიანი იჯარით გაიცა.

მერია ახალ მოიჯარეებთან ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებს. მერიის დაგეგმარებისა და ეკონომიკურ სამსახურში განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ადგილობრივ ფერმერებს, რომლებსაც  საკმაოდ დიდი მეცხოველეობის ფერმები აქვთ, რათა მათ შეძლონ საძოვრების დაქირავება აუქციონის გარეშე. შემდეგ დანარჩენს აუქციონზე გაიტანენ. მერიაში აცხადებენ, რომ საძოვრის დაქირავების მოთხოვნით ამ დრომდე მათ ერთმა ფერმერმა მიმართა.

მუნიციპალური საძოვრების საწყისი ქირა 1 ჰა-ზე წელიწადში 15 ლარია, ამდენივეა ქონების გადასახადი. 15 ლარი ასევე არის გადასახადი დაცულ ტერიტორიებზე მდებარე მიწაზე.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის აუქციონი დაიწყო. „სახელმწიფო საძოვრებზე წვდომის“ პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე გამოცხადდა აუქციონი სოფელ ბუზავეთში 107,67 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარაზე.

აუქციონის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეული საძოვრების იჯარით გაცემაზე განაცხადებები 28 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით მიიღება.