აგროდაზღვევა, რომელიც სტიქიური მოვლენების დროს პრობლემას აგვარებს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში სრულყოფილად არ ფუნქციონირებს, რადგან ამ სოფლის ფერმერები სადაზღვეო კომპანიებს არ ენდობიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მურჯახეთი ქალაქთან ახლოს მდებარეობს. ნაყოფიერი შავმიწის გამო სოფელში ძირითადად მიწათმოქმედებით არიან დაკავებულნი, მოჰყავთ მარცვლეული და კარტოფელი. თითქმის ყოველ წელს, ზაფხულის პერიოდში, სეტყვა მოსავალს დიდ ზარალს აყენებს, თუმცა სოფელში დაზღვევით მაინც არ სარგებლობენ და არც აპირებენ.
საქმე იმაშია, რომ მიწათმოქმედები სადაზღვეო კომპანიებს არ ენდობიან.
«რამდენიმე წლის წინ, სეტყვამ 90%-ით გაანადგურა მოსავალი. სადაზღვეო კომპანიის თანამშრომლები გვიან მოვიდნენ, და თქვეს, რომ არაფერი არ არის გაფუჭებული. ისინი უშუალოდ სეტყვის შემდეგ უნდა მოდიოდნენ, რომ ზარალი ნახონ. მე ჩემს მოსავალს არ დავაზღვევ, ეს გაუმართლებელია და უაზრო»,- ამბობს სოფელ მურჯახეთის მცხოვრები.
რობინზონ წინწკალაძე ამბობს, რომ დაზღვევაზე არც კი ფიქრობს, რადგან სადაზღვეო კომპანიებს არ ენდობა.
«არც კი ვფიქრობ დაზღვევაზე, არ ვენდობი. 2018 წელს სეტყვის შემდეგ, 15 დღის მერე მოვიდნენ, თქვეს «ყველაფერი რიგზეა» და წავიდნენ. ჩვენთან ბევრი არ აზღვევს, რადგან კომპანიებს არ ენდობა»,- ამბობს რობინზონ წინწკალაძე.
ყაზარ ჭორუღიანმა წელს 2ჰა მიწა დაამუშავა, მაგრამ მოსავალი არ დაუზღვევია. მისი თქმით, დაზღვევისათვის ბევრი საბუთია საჭირო, თუმცა შედეგი არ არის.
«რამდენიმე წლის წინ მოსავალი დავაზღვიე, სეტყვამ 100%-ით გაანადგურა, ხოლო გადამიხადეს 20%-ის საფასური, იმდენი საბუთია საჭირო, რომ 20%-ისათვის ამდენი დროის ხარჯვას აზრი არ აქვს»,- ამბობს ყაზარ ჭორუღიანი.
ენოკ ბაბაჯანიანი ამბობს, რომ სოფელში ხალხი სადაზღვეო კომპანიებს არ ენდობა, და თვლის, რომ ამაში თვითონ კომპანიები არიან დამნაშავე. თვითონ ენოკ ბაბაჯანიანმა Jnews-თან საუბარში აღიარა, რომ მოსავალი არ დააზღვია, მაგრამ ინანა.
«ხალხს ნდობა არ აქვს, თორემ დაზღვევა რა თქმა უნდა კარგია. სტიქიური უბედურების დროს, როდესაც ოქმის შესადგენად მოდიან, 100%-იანი ზარალის შემთხვევაში 30%-ს ან 50%-ს წერენ, მათ ასე თითქოს და სარგებელი მოაქვთ კომპანიისათვის, მაგრამ ისინი ამით უფრო მეტ ზარალს აყენებენ»,- ამბობს ენოკ ბაბაჯანიანი.
ზოგიერთმა ადამიანმა მოსავლის დაზღვევაზე უარის მიზეზი განმარტა იმით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები პრივატიზირებული არ არის და ასეთ მიწებს არ აზღვევენ. სოფელში ასევე იყო ოჯახები, რომლებმაც თანხის არარსებობის გამო არ დააზღვიეს.
1ჰა კარტოფილის ნათესის სადაზღვეო საერთო თანხა 1275 ლარს შეადგენს, რომელთაგან 382,50 ლარს იხდის ფერმერი, ხოლო 892,50 ლარს სახელმწიფო. დაზღვევის ნორმატივებით 1ჰა კარტოფილის ნათესის 100%-იანი ზარალის შემთხვევაში 15 000 ლარის მიღებაა შესაძლებელი. ეს თანხა გათვლილია 1კგ კარტოფილის 0,60 თეთრის ღირებულების შემთხვევაში, ასევე 25 000კგ/ჰა მოსავლიანობის შემთხვევაში.
აგროდაზღვევა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. სადაზღვეო კომპანია საკმაოდ ბევრია. წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სადაზღვეო ბაზარზე 7 კომპანია მუშაობს: ალდაგი, JP ჰოლდინგი, თბს დაზღვევა, საქართველო ევროინს, არდი, ალფა, სადაზღვეო ნიუ ვიჟენი.