ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კარტოფილის საგაზაფხულო რეალიზაციის სეზონი დაიწყო. ფერმერები კარტოფილის ფასით უკმაყოფილონი არიან,  რადგან სასუქები საკმაოდ გაძვირდა. ხალხი ფიქრობს, გაყიდოს თუ არა დარჩენილი კარტოფილი და წლეულს რამდენი დათესონ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გლეხების უმეტესობა შემოდგომაზე მთელ მოსავალს არ ყიდის, ნახევარს გაზაფხულისთვის იტოვებს, უფრო ძვირად გაყიდვის იმედით.

ამ დროისთვის კარტოფილზე მოთხოვნის პრობლემა არ არის, მაგრამ გლეხებს ფასი არ მოსწონთ. ჯავახეთში მოყვანილი ძირითადი ბოსტნეული, კარტოფილი 60-დან 95 თეთრამდე ღირს. დღეს ძირითადად კარტოფილის თესლს ყიდულობენ და, როგორც ამბობენ, მყიდველები მარნეულიდან არიან.

შორეულ სოფელ სამსარში მყიდველების მანქანები არ ადის, თავად მოსახლეობას მიაქვს კარტოფილს სხვა ქალაქებში გასაყიდად. სოფელი ისედაც ძნელად მისასვლელია, მდგომარეობა უამინდობამ გაართულა.

„სოფელში კარტოფილის მხოლოდ 15% გაიყიდა, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დარჩენილი, ბოლო თოვლმა და ქარბუქმა ჩაკეტა ყველა საწყობის შესასვლელი, იქამდე მოხვედრა შეუძლებელია. სანამ თოვლი არ დადნება, ვერ გამოვიტანთ კარტოფილს საწყობებიდან. თბილისში მიგვაქვს“, – თქვა აშოტ კურგინიანმა.

ჰოვიკ გილოიანის თქმით, სოფელ ოლავერდში გასაყიდი კარტოფილი ბევრი არ დარჩა, მაგრამ არც დიდი სატვირთოები მოდიან, მოსახლეობას სხვა ქალაქებში მიაქვს გასაყიდად.

„ჩვენს სოფელში შარშან მოსავალი, არც ისე კარგი იყო, ამიტომ ცოტა დარჩა, შემოდგომით გავყიდეთ და რაც დარჩა, თბილისში მიგვაქვს, 80-90 თეთრად ყიდიან. ყოველთვის ასე იყო“, – ამბობს გილოიანი.

თავდაპირველად მყიდველები ძირითადად ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში მიდიან, მხოლოდ შემდეგ კი შორეულში. შორეული სოფლებიდან მოსახლეობა, მყიდველის მისვლას რომ არ ელოდოს, თავად მიაქვს დიდ ქალაქებში გასაყიდად.

„მყიდველები არიან, მოდიან, მაგრამ ფასი არ გვაწყობს, კარტოფილზეა დამოკიდებული ფასი, ჩვენ ახლა უფრო გვაწუხებს ფასი, მაღაზიებში სასუქის ფასი გაორმაგდა, ამიტომ კარტოფილზე ეს ფასი არ გვაწყობს, მაგრამ ვყიდით, რა ვქნათ?“ – თქვა ერთ-ერთმა ფერმერმა.

ახალქალაქელი ფერმერები უკვე ფიქრობენ შარშანდელზე ნაკლები დათესონ, მეტი თუ იმდენივე? ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის დირექტორის, მახარე მაცუკატოვის თქმით, წლეულს სასურსათო კრიზისი გარდაუვალია. ის ყველას მოუწოდებს, წელს, რაც შეიძლება მეტი მიწა დამუშავდეს.

„სასურსათო დეფიციტი მოსალოდნელია, ამიტომ, რაც შეიძლება მეტი კარტოფილი და მარცვლეული უნდა დავთესოთ. სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი მოთამაშეები რუსეთი და უკრაინა იყვნენ, წელს კი ომია“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.

გაზაფხული უკვე მოვიდა, მალე ახალქალაქელმა გლეხმა სასოფლო-სამეურნეო ახალი წელი უფრო ძვირი სასუქებით, ძვირადღირებული საწვავითა და პროდუქტებით უნდა დაიწყოს და იმ იმედით, რომ მოსავალი უხვი იქნება.