ახალქალაქის შემოსასვლელში, ენზელ მკოიანის ბენზინგასამართ სადგურთან, ბილბორდის დამონტაჟების საკითხი კვლავ განიხილება. ახალქალაქის მერია მისი ჩამოკიდების ნებართვას ვერ იძლევა, ხოლო დეპუტატი ენზელ მკოიანი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები არის, მაგრამ მერიას მისი მოძებნა არ სურს.

დარჩება თუ არა ბილბორდი ადგილზე, რომელზეც მომავალში ენზელ მკოიანის წინასაარჩევნო ბანერი იქნება ჩამოკიდული, დამოკიდებულია დოკუმენტზე, რომელიც დაადასტურებს, რომ მისი დამონტჟების ნებართვა ნამდვილად არსებობს. ახალქალაქის მერიაში მისი ჩამოკიდების ნებართვა ვერ მოიძებნა.

“ჩვენ, 2014 წლის დოკუმენტებს გადავხედეთ და ეს გადაწყვეტილება ვერ ვნახეთ. და მათ (ენზელ მკოიანი- რედ.) ჯერ არ წარუდგენიათ, მათ ამისათვის ერთი დღე კიდევ აქვთ. თუ არ წარადგენენ, ჯერ არ ვიცი, რას ვიზამთ, ჯერ ადმინისტრაციულ წარმოებას დავიწყებთ. ვნახოთ, გამოძიება რას გვაჩვენებს, რა ქვეპუნქტებია მათი მხრიდან დარღვეული, რათა ამის საფუძველზე გადაწყდეს. მათ კანონის თანახმად საკუთარი უფლებები აქვთ. ჩვენ მათ უნდა მივწეროთ და მათგან წერილობითი პასუხი უნდა მივიღოთ. ეს საკითხი ერთ ან ორ დღეში არ გვარდება”,- ამბობს ახალქალაქის მერი, იურიკ უნანიანი.

დეპუტატი კი დარწმუნებულია, რომ მას წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარებაში დაბრკოლებებს უქმნიან, უმნიშვნელო საკითხებით დიდი პრობლემებს ქმნიან. მისი თქმით, დამონტაჟების დოკუმენტები არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2017-18 წლებში მისი დამქირავებლებისთვის წარდგენა შეუძლებელი იქნებოდა.

“და რა პრობლემაა, ჩვენს საკუთარ მიწაზე ჩამოვკიდეთ ბილბორდი. უბრალოდ მიკვირს. უნდა მხოლოდ მოიძებნოს, რადგან ეს დოკუმენტაცია 2016 წლიდან არსებობს. რაც შეეხება მერიას- მერიას უბრალოდ არ სურს მოძებნა. ამას განძრახ აკეთებენ. ბოლოს და ბოლოს, თუ მოუნდებათ, საკუთარ მიწაზე ჩამოკიდების ნებას 5 დღეშიც დამრთავენ. ეს დიდი პრობლემა არ არის, უბრალოდ უნდათ დიდ პრობლემად აქციონ. დრო მოვა, ის ადამიანები, ვინც ყოველი წვრილმანისგან პრობლემას ქმნიან, პასუხს აგებენ. არ ვიცი, შოუს რატომ დგამენ, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. ყველაფერი სამართლიანად გაკეთდეს. ყოველთვის “დემოკრატიას” ყვირიან, სად არის დემოკრატია?”,- განმარტავს ენზელ მკოიანი.

მტკიცებულების სახით JNEWS-ის რედაქციაში მკოიანმა გამოაგზავნა საბუთი, რომელიც ნებართვას არ წარმოადგენს. თუმცა, ის თვლის, რომ ეს საბუთი მის სიმართლეს ამტკიცებს. აღსანიშნავია, რომ ამონაწერის ქსეროასლზე მითითებულია ანგარიში სახელისა და გვარის გარეშე, აღნიშნულია გარკვეული თანხა, რომელიც გაწეული სარეკლამო მომსახურებებისათვის იყო გადარიცხული. აქვე მითითებულია პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” და ბანკი “ქართუ”. აღნიშნულ დოკუმენტს ქვემოთ წარმოგიდგენთ:

MEEKI

არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვნული საქართველოს” იურისტმა გიორგი გულიაშვილმა კანონმდებლობის გათვალისწინებით, სიტუაცია, იურიდიული თვალსაზრისით შეაფასა.

“სააგიტაციო მასალები შენობებზე და სხვა ობიექტებზე, მათ მფლობელებთან ან მათი თანხმობით, შეიძლება გამოიფინოს (კოდექსის 46-ე მუხლი). შესაბამისად, ენზელ მკოიანს, მის კუთვნილ სარეკლამო ფარზე, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება აქვს. მუნიციპალური ორგანოები ვალდებულნი არიან: განსაზღვრონ განთავსების ადგილი და/ან საყრდენი და სააგიტაციო მასალების დემონსტრაცია. ისინი ასევე ვალდებულნი არიან სააგიტაციო მასალები განათავსონ და გამოფინონ”,- კომენტარს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვნული საქართველოს” იურისტი, გიორგი გულიაშვილი.

თუმცა, ახალქალაქის შემოსასვლელში, ბილბორდის დამონტაჟების საკითხი, კვლავ მოუგვარებელი რჩება.