ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე მიმართვას აქვეყნებს. როგორც დეპუტატმა Jnews -ს განუცხადა, შსს-ში ოფიციალური წერილიც გაგზავნა.
“დიახ, უკვე მივმართე ოფიციალურად. მე ვარ პარლამენტის დეპუტატი და ჩემს მიმართ, ხალხის თვალწინ, განხორციელდა თავდასხმა”, – განაცხადა ენზელ მკოიანმა.
გთავაზობთ დეპუტატის მიმართვის ღია ტექსტს:
“მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბატონ ვახტანგ გომელაურს
ბატონო ვახტანგ,
თუ შეიძლება საქართველოში იყოს ასეთი ოჯახი, სად შენახული აქვთ 14 სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, თავისი მჭიდებით? გამოძიების პროცესში პეტროსიანის სახლიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 14 დასახელების სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც თავის დროზე, მან ამოიღო მოსახლეობისგან, შემდეგ კი უკანონოდ მიითვისა.
მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა, რადგან, თუ მოხდა ერთი ერთეული იარაღის მასზე, ან მის შვილზე დაბრუნება, ამას გამოიყენებენ, ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებზე თავდასხმისა და უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის მიზნით. (ასეთს, სამველ პეტროსიანის მხრიდან უკვე ჰქონდა ადგილი). სამველ პეტროსიანმა განიზრახა ჩემი მოკვლა, განახორციელა გასროლით ჩემი მიმართულებით, მაგრამ საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე დამთავრდა ეს არასასიამოვნო ინციდენტი.
ბატონო მინისტრო, მოგმართავთ თხოვნით, შემოწმდეს მათ საკუთრებაში არსებული იარაღის წარმომავლობა, თუ, როგორ, სად, რა პირობებში და ვისგან არის შეძენილი? ასევე შემოწმდეს ამ იარაღებიდან ხომ არ არის რაიმე დანაშაული ჩადენილი.
პატივისცემით,
ენზელ მკოიანი.”
26 მარტს, დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 15:28 საათის შემდეგ, ახალქალაქში, კაფე “გოლდთან“, რომელიც პეტროსიანს ეკუთვნის, იყო გარჩევა პეტროსიანისა და მკოიანის ახლობლებს შორის. კონფლიქტი მალევე დასრულდა. მას შემდეგ, რაც თითქოს და ყველაფერი დამშვიდდა და მხარეები დაიშალნენ, მოხდა დაპირისპირება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ისროლეს საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ამჟამად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა და პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა. ამის შედეგად, მეორე დღეს, სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი ხულიგნობისთვის და იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.