ჯავახეთში კარტოფილის თესვა დაიწყო. ბევრმა შარშანდელი კარტოფილი ვერ გაყიდა და ვერ გადაუწყვეტიათ, დარჩენილი კარტოფილი დათესონ თუ ნაგავსაყრელზე გადაყარონ.
შარშანდელ კარტოფილზე მოთხოვნა და ფასი ყოველთვიურად იცვლებოდა.
გასული წლის ოქტომბერში კარტოფილზე ფასმა მაქსიმუმს მიაღწია. ფერმერები, როცა შენიშნეს, რომ კარტოფილი გაძვირდა, გაყიდვას არ ჩქარობდნენ. ძირითადად ისინი ყიდიდნენ, ვისაც ვალები, სესხები ჰქონდა. 1,50 ლარად გაყიდვაზეც კი უარი თქვეს. რეალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, 1 კგ კარტოფილზე ფასი ზომისა და ხარისხის მიხედვით 1,20 ლარიდან 1,80 ლარამდე მერყეობდა.
კარტოფილზე მაღალი ფასი და მოთხოვნა ჯავახეთში დეკემბრის შუა რიცხვებამდე შენარჩუნდა.
დიდი ქალაქების საბითუმო ბაზრებზე ფასი 2023 წლის იანვრის დასაწყისში დაეცა, ადგილზე უკვე ცოტა მყიდველი იყო და დაბალ ფასად ყიდულობდნენ. საბითუმო ბაზრებზე კი კარტოფილი 1-1,20 ლარად იყიდებოდა.
თებერვალში ახალქალაქში ფასების ზრდის ტენდენცია და გადამყიდველების მხრიდან მოთხოვნა შეინიშნა. კარტოფილი 20-30 თეთრით გაძვირდა. მაგრამ მოთხოვნა დიდხანს არ გაგრძელებულა, მყიდველებმა შორეულ სოფლებს ვერ მიაღწიეს.
კარტოფილი მარტის შემდეგ აღარ იყიდება და ფასიც დაეცა. აპრილში მყიდველებს შორის მცირე გამოცოცხლება შეი0ნიშნებოდა.
ახლა ფერმერებს ბევრი კარტოფილი დარჩათ, მყიდველი ძალიან ცოტაა, ზოგიერთი ფერმერი მზადაა ნებისმიერ ფასად გაყიდოს პროდუქტი.
სოფელ ხავეთში მცხოვრები მიქაელ პეტროსიანი სასოწარკვეთილია და არ იცის კარტოფილის მოსავალს რა მოუხერხოს. დიდ ქალაქებში თავად ვერ ჩააქვს, მყიდველები კი სოფელში არ მიდიან.
„8 ტონა კარტოფილი მაქვს. 1 კგ კარტოფილში 15 თეთრს იხდიან, რაც მომგებიანი არ არის. არ ვიცი კარტოფილს რა ფასად გავყიდი. უკვე ერთი თვეა სოფელში ერთი მანქანაც არ მოსულა, გზაც ცუდია“, – ამბობს მიქაელ პეტროსიანი.
სერგეი აპოიანი, სოფელ სულდადან, თვლის, რომ კარტოფილი თავისივე გადაწყვეტილებით ვერ გაყიდა.
„შემოდგომაზე არ გავყიდე, გაძვირებას ველოდებოდი. ახლა 7-8 ტონა კარტოფილი მაქვს. თუკი ადრე ფასის გამო არ ვთანხმდებოდი, ახლა ნებისმიერ ფასზე თანახმა ვარ, 70-80 თეთრსაც შევეგუე. არ ვიცი როგორ მოვიქცე. თბილისშიც არ იყიდება, ვინც ჩაიტანა უკან დააბრუნა”, – თქვა სერგეი აპოიანმა.
კუმურდოს მცხოვრები წელს ქერის დათესვას გეგმავდა, თუმცა იძულებულია ქერის ნაცვლად კარტოფილი დათესოს.
„4 ტონა კარტოფილი მაქვს, სოფელშიც ბევრი კარტოფილია, მაგრამ 70 თეთრად არ გავყიდი. ერთ შეკვრა სასუქში 74 ლარი გადავიხადე, 1 ჰა 20 მეასედი დავთესე, დაახლოებით 15 ტონა მივიღე. ჯობია ისევ დავთესო, ვიდრე ასე იაფად გავყიდო,” – აცხადებს კუმურდოს მცხოვრები.
ნინოწმინდაში მცხოვრებმა ჰაიკმა გასულ წელს 4 ჰექტარი კარტოფილი დათესა. ამჟამად 20 ტონა გასაყიდი პროდუქტი აქვს. ჰაიკმა ჯერ არ იცის, თუ ვერ გაყიდის, რა მოიმოქმედოს.
„ველოდებით, რომ ახალქალაქში კარტოფილს გავყიდით და მყიდველები საბოლოოდ ჩვენს მუნიციპალიტეტშიც ჩამოვლენ. სანამ თავად აქვთ, არ მოდიან. მაგრამ არ მინდა იაფად გავყიდო“, – ამბობს ჰაიკი.
მისი თქმით, წელს საქართველოში განსაკუთრებით რუსეთიდან საკმაოდ ბევრი კარტოფილი შემოიტანეს.
EastFruit-ის ანალიტიკოსების თანახმად, კარტოფილის წარმოება საქართველოს მთავარ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში გასულ წელს ძალიან დაბალი იყო. მოსავლიანობის შემცირების მთავარი მიზეზი ამინდის პირობები იყო, რამაც კარტოფილზე ფასების მერყეობა გამოიწვია. ადგილობრივი მაღალი მოთხოვნისა და ცუდი მოსავლის გათვალისწინებით, კარტოფილის გაძვირების შესაჩერებლად, საქართველომ სუფრის კარტოფილის იმპორტი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მარაგსა და მოთხოვნას შორის უფსკრული იმპორტირებული კარტოფილით შეავსო.
სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველოში ყველაზე მეტი სათესლე და სუფრის კარტოფილი შემოიტანეს.