დღეს, 19 თებერვალს, ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს “Opel” და “Humana” მარკის ავტომანქანები დაეჯახნენ, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

რადიო Nor-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ორივე ძალოვანი უწყება, სასწრაფო და სახანძრო მანქანა ახალქალაქიდან იმყოფებოდა. ავარიის შედეგად დაშავებულები ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Jnews-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ორივე ახალქალაქის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს..

როგორც Jnews-ს შსს-დან აცნობეს, მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 პუნქტით, „სატრანსპორტო საშუალების მართვის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“. სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით ან მის გარეშე.

Jnews-ის ინფორმაციით, დღეს ეს უკვე მეორე შემთხვევაა ახალქალაქში. აქამდე გადაბრუნდა სატვირთო მანქანა, მძღოლი ახალქალაქის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.