ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის მოსახლეობა ჩივის, რომ მათ სოფელში ელექტროენერგიის გათიშვა გახშირდა, რის გამოც სოფელი დღეების განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე რჩება. კომპანია „Energo Pro Georgia“ არწმუნებს, რომ ოლავერდში აღდგენითი სამუშაოები წელს იგეგმება. სოფლის მოსახლეობის თქმით, ხშირი გათიშვის მიზეზი ელექტროგადამცემი ბოძებია.

„ერთი მსუბუქი ქარი და მთელი ჩვენი სოფელი რამდენიმე დღე ელექტროენერგიის გარეშე რჩება, რაც პრობლემებს ქმნის. ეს პრობლემა მრავალი წელია აქტუალურია, მაგრამ გამოსავალი მაინც არ არის“, – ამბობს ოლავერდეს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ მათ სოფელში ბევრს აქვს გათბობის სისტემა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო, გათბობის სისტემა ხშირად ფუჭდება.

„ჩვენს სოფელში უმეტესობას გათბობის სისტემა აქვს და ყოველ ჯერზე გვესმის, რომ ვიღაცის გათბობის სისტემა გაფუჭდა. პირველ რიგში, გასათბობად ელექტროენერგიაა საჭირო, როცა დენი ქრება გათბობა ითიშება. ჩვენ, უფროსები, როგორმე გავუმკლავდებით გათბობის გარეშე, მაგრამ ბავშვები ვერ უმკლავდებიან, სოფლის მცხოვრებზე არავინ ფიქრობს. რამდენჯერმე ვიჩივლეთ, მაგრამ უშედეგოდ“, – ამბობს სოფელ ოლავერდის მცხოვრები გევორგ მარტიროსიანი.

ეს უკანასკნელი ამბობს, რომ შვილიშვილი რამდენიმე დღის წინ წავიდა თხილამურებით სასრიალოდ და სახლისკენ მიმავალმა შეამჩნია, რომ ელექტრო ბოძები დახრილი იყო.

„ბოძების დაცემის დიდი საფრთხე და შესაძლებლობა არსებობს. თუ ახლა რამეს არ მოიმოქმედებენ, რამდენიმე დღეში ისევ ელექტროენერგიის გარეშე დავრჩებით. სანამ ჩამოვლენ და გაარემონტებენ, რამდენიმე დღე გავა“, – დაამატა გევორგმა.

ოლავერდში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „Energo Pro Georgia“-დან რეგულარულად იღებენ შეტყობინებებს იმის შესახებ, რომ მოსალოდნელია გათიშვა, ეს მათ არ აზღვევს.

„ბოლო დროს ხშირად ქრება შუქი, 10 წუთში 5-6-ჯერ ქრება. არის შემთხვევები, როცა რამდენიმე დღე ელექტროენერგიის გარეშე ვრჩებით. ეს ართულებს სოფლის ისედაც რთულ ცხოვრებას“, – ამბობს სოფელ ოლავერდში მაცხოვრები ფარნიკ მარაბიანი.

Jnews-მა კომპანია „Energo Pro Georgia“-დან შეეცადა გაერკვია, რატომ რჩება ასე ხშირად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ოლავერდი ელექტროენერგიის გარეშე. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ მიზეზი ელექტრო ბოძებს უკავშირდება.

„ტყეში არის პატარა ტერიტორია, სადაც ელექტროსადენების და ბოძის გარემონტებაა საჭირო. წელს ვგეგმავთ სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას, კონკრეტულად სოფელ ოლავერდში ავარიების თავიდან ასაცილებლად. არ გვინდა, რომ ჩვენი აბონენტები ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო იყვნენ და ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯებს ვდგამთ“, – აცხადებენ კომპანია „Energo Pro Georgia“ კომპანიიდან.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ თუ ელექტროენერგიის გათიშვის გამო აბონენტების აღჭურვილობა დაზიანდება, კომპანია ზარალს აანაზღაურებს. მოქალაქემ უნდა მიმართოს კომპანიას განცხადებით, რის შემდეგაც სპეციალური კომისია დაადგენს ზარალის მიზეზს და მოცულობას, ხოლო თუ ზიანის მიზეზი რეალურად ელექტროენერგიის მიწოდებაშია, კომპანია ზარალს აანაზღაურებს.

გევორგ ჯანოიან