სამწუხაროდ, ადამიანთა რაღაც ვიწრო ჯგუფი იყენებს სიძულვილის ენას, ბილწსიტყვაობას იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩემზე ან აპარატის თანამშრომლებზე და მათ გასაგონად ვთქვი, რომ ასეთი რამ არ გამოვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე, დიდი ხანია, ასეთ რამეს შეჩვეული ვარ და ეს ჩემს განწყობებზე თუ პოზიციონირებაზე ვერ იმოქმედებს. ამიტომ ამას აზრი არ აქვს და თვითონ უფრო დაზიანდებიან ამით. საზოგადოებას თავიანთ თავს უფრო აცნობენ ამ ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენით, ვიდრე მე მაკლდება რამე. მე არაფერი არ მაკლდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ის მზად არის ყველასთან საურთიერთოდ, ყველას სახალხო დამცველია და თუ მათ რამე პრობლემა აქვთ, მზად არის, ყველას მოუსმინოს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მან პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა, სადაც ის იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშილობს, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მის ჯანმრთელობაზე შეგნებულად ვერ ისაუბრებს, რადგან ეს პერსონალური ინფორმაციაა.

„ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ როცა ის მოვინახულე და ვესაუბრე, ის ნორმალურად იყო, ჩვეულებრივად მესაუბრა და ყველა საკითხზე, რაც ჩემთვის იყო საინტერესო და მისთვისაც, დიალოგი ნორმალურ პირობებში შედგა. მასთან შევედი საკანში. მათ შორის, საკანიც ვნახე, რა პირობებში უწევს ყოფნა. ანუ, დეტალურად ვნახე ეს ყველაფერი“, – განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის, ყოველთვის პატიმრობა იყოს გამოყენებული, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა და სრულიად შესაძლებელია, ეს იყოს გირაო, თავდებობა ან სხვა ფორმები.