დეკემბრის ბოლოს მომუშავე მიგრანტების უმეტესობა სახლში ბრუნდება და საზღვარგარეთ ნამუშევარი ფული მოაქვს. ისინი ემზადებიან მდიდრული საახალწლო დღესასწაულისთვის, თუნდაც ეს თანხა დღესასწაულის რამდენიმე დღისთვის ძლივს იმყოფინონ. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუბლის დაბალმა კურსმა მნიშვნელოვნად შეამცირა “ხოფანჩის” (შრომითი მიგრანტი) შემოსავალი, მაგრამ ბევრი მაინც ვერ ხედავს სხვა ალტერნატივას.

წლის დასაწყისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მამრობითი ნაწილი სხვა ქვეყნებში მიდის ფულის საშოვნელად, აბსოლუტური უმრავლესობა კი რუსეთის ფედერაციაში მიემგზავრება. ხოფანში სიარულს (როგორც ჯავახეთში უცხოეთში მუშაობას ეძახიან) არც ომმა, რომელიც თითქმის სამი წელია გრძელდება, არც რუსეთში ეკონომიკურმა ვარდნამ და არც რუსული რუბლის დაბალმა ფასმა არ შეუშალა ხელი.

ხოფანი — ცნება, რომელიც ჯავახეთში სსრკ-ში ხელუხლებელი მიწების ათვისების დროიდან იღებს სათავეს. თუმცა, იმ დროს მას არ ჰქონდა მასობრივი ხასიათი, როგორც ეს იყო სსრკ-ს დაშლის შემდეგ. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა რუსეთში ჯავახეთის სომხების მთავარი დიასპორა. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დაწყებული მოსახლეობის გადინება და ეკონომიკური დამოკიდებულება დღემდე გრძელდება. დამოუკიდებლობის თითქმის 40 წლის განმავლობაში აქ სიტუაცია არ შეცვლილა: ჯავახელები ან კარტოფილს თესავენ რომლის შემოსავალი ხშირად თვითღირებულების ხარჯებს არ ფარავს, ან ბოლო წლების პრობლემების მიუხედავად, სეზონური სამუშაოებისთვის რუსეთში მიდიან.

2024 წლის დასაწყისში, როცა ხოფანჩი სამუშაოდ გადიოდა, 1000 რუბლი 28-29 ლარი ღირდა. დეკემბერში, როცა ხოფანჩები რუსეთიდან დაბრუნდნენ, 1000 რუბლი 26-27 ლარი ღირდა.

„ძირითადად ახალგაზრდები არიან, ბიჭები. როგორი დაბალი კურსიც არ უნდა იყოს, მაინც წავალთ სამუშაოდ. მაგალითად, შარშან 10 000 ლარი დავკარგეთ, რადგან რუბლის კურსი დაეცა. ჩემმა შვილმა იქ 750 000 რუბლი იმუშავა. მოვიდა. აქ ჩამოვიდა და ფასში სხვაობა დაკარგა. მაგრამ მაინც ვიმყოფინეთ. ფული, რომელსაც იქ ვშოულობთ, თითქმის არ არის საკმარისი, რადგან ბევრი ტრადიცია, ადათი და ბევრი ხარჯია. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის ფაბრიკები, არც ქარხნები. სარწყავი წყალიც კი არ არის — სამწუხაროდ. თუნდაც სოფელში რომ დავრჩეთ, რა უნდა გავაკეთოთ? ეს თითქოს ჩვევაა, მაგრამ არა. მოსახლეობა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშია: ხაბაროვსკში, მოსკოვში, იაროსლავლში, ანაპაში, ყველა სადღაც არის“, – ამბობს სოფელ ვაჩიანის მკვიდრი მაქსიმ აზატიანი.

მიმდინარე წლის მაისში Jnews-მა ჩაატარა კვლევა, რათა გაერკვია ახალქალაქის ოჯახების რამდენი პროცენტი ცხოვრობს საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სულ 51 331 ადამიანი და 13 100 ოჯახი ცხოვრობს. როგორც Jnews-ის კვლევამ აჩვენა, მუნიციპალიტეტის ოჯახების 57%-ში ერთი ადამიანი მაინც გადის სამუშაოდ, რაც ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა. სამუშაოდ გასული ადამიანების რაოდენობა 7432 ადამიანს შეადგენს. (Jnews-ის კვლევას შეიძლება ჰქონდეს მიკერძოება, რადგან მონაცემები გაანალიზდა მუნიციპალიტეტის თითოეულ რაიონში ინფორმაციის მქონე ადამიანებთან პირადი ინტერვიუების საფუძველზე.)

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მონაცემები შეიცვალა: საზღვარგარეთ შემოსავლით მცხოვრები ოჯახების პროცენტი შემცირდა, მაგრამ მაინც ნახევარს აღემატება. 2018 წელს ჩატარებული Jnews-ის მსგავსი კვლევის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოჯახების 63%-ს სეზონური მიგრანტი მომუშავე ჰყავდა.

თუმცა, უცვლელი რჩება ის, რომ „ხოფანჩების“ უმრავლესობა რუსეთში მიდის. Jnews-ის კვლევის მიხედვით, „ხოფანჩების“ 95,9% სამუშაოდ რუსეთში მიდის.

„მე უკვე ასაკოვანი ვარ, სამუშაოდ სიარული არ შემიძლია. მაგრამ ჩვენი ოჯახიდან ორი მიდის. რუსეთში რომ არ წავიდნენ მოსახლეობა აქ მშიერი დარჩება. აქ ყველა ხოპანჩია. ჩვენი სოფლიდან დაახლოებით 300 ადამიანი მიდის სამუშაოდ. ჩვენ 1 ჰექტარი და 20 მეასედი მიწა გვაქვს. საქონელი, ხბოები გვყავს. კარტოფილი 50 თეთრი ღირს- ეს არ არის ნორმალური ფასი. ფული მალე ილევა. მაგრამ სოფელში რომ დავრჩებით, რით უნდა დავკავდეთ? ჩვენი სოფლიდან სხვა ქვეყნებში მიდიან — გერმანიაში, შვედეთში, და ამბობენ, რომ რუსეთში ჯობია სიარული, ვიდრე იქ. ევროპაში კვება ძვირი ღირს, სიგარეტი ძვირია, ენაც არ ვიცით, რა თქმა უნდა. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ალტერნატივის მოძებნას ცდილობს, მაგრამ ის ჯერჯერობით არ არის“,- ამბობს სოფელ ვაჩიანის მცხოვრები პოღოსიან ლიოვა.

თუმცა, მოსახლეობას შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც შეწყვიტეს სხვა ქვეყნებში სამუშაოდ სიარული, რადგან ეს არაეფექტური აღმოჩნდა.

„რამდენიმე წელიწადი რუსეთში მივდიოდი სამუშაოდ, მაგრამ ბოლოს შევწყვიტე. ჩემთან ერთად სოფლის მამაკაცები მუშაობდნენ. სოფლის მოსახლეობას მიწა აქვს, საქონელი ჰყავს. მაგრამ მე ქალაქში ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი ფულით ცხოვრობს, რომელსაც სხვადასხვა საჭიროებისთვის ვუგზავნიდი. თანხა რომ არ გამომეგზავნა, ოჯახი მშიერი დარჩებოდა. ხოლო სოფელში ეს პრობლემა არ არის, კარტოფილი აქვთ, რძის პროდუქტები, მარცვლეული, რომლის ღირებულებასაც ქალაქის მოსახლეობა იხდის. საბოლოოდ ხელცარიელი ჩამოვდიოდი. თუმცა ხოფანჩების მიერ საზღვარგარეთიდან რეგიონში ჩამოტანილი ფული თუ არ იქნება, უბრალოდ ჩაქრება, ყველა მშიერი მოვკვდებით“,- ამბობს ახალქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

შრომითი მიგრაცია კვლავ რჩება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სასიცოცხლო ელემენტად, მიუხედავად უარყოფითი მხარეებისა და რისკებისა. პრობლემის მოგვარებისათვის საჭიროა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა მოსახლეობამ შეძლოს რეგიონში დარჩენა და ოჯახების უზრუნველყოფა.