მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში ორი ფასიანი ავტოსადგომია, მაგრამ ცოტა ადამიანი სარგებლობს. ავტოსადგომები ცარიელია, ხოლო ქუჩები და ტროტუარები გაჩერებული მანქანების გამო გაუვალ მდგომარეობაშია.
ახალქალაქში მოქმედი ორი ავტოსადგომიდან ერთი მიასნიკიანის ქუჩაზე მდებარეობს, მეორე კი თავისუფლების ქუჩაზე, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა.
თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომის მეპატრონე პარკინგის გახსნას საახალწლო დღესასწაულების დაწყებამდე ჩქარობდა. ფაქტია, რომ ამ წინასადღესასწაულო პერიოდში ახალქალაქში პარკირების საჭიროება ყველაზე მეტად იჩენს თავს. ავტოსადგომი თავიაუფლების ქუჩაზე ახალქალაქის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ხოლო მიასნიკიანის ქუჩაზე ავტოსადგომი უკვე 5 წელია ფუნქციონირებს.
თავიაუფლების ქუჩაზე ავტოსადგომი 10:00-დან 18:00 საათამდეა ღია. ხოლო მიასნიკიანის ქუჩაზე ავტოსადგომი ღიაა 24 საათის განმავლობაში. ორივე ავტოსადგომს აქვს ერთი შესასვლელი და გასასვლელი.
სასოფლო-სამეურნეო ბაზრის წინ ავტოსადგომზე 1 საათი 3 ლარი ღირს. ხოლო მიასნიკიანის ქუჩაზე პარკინგი მთელი დღის განმავლობაში 2 ლარი ღირს.
ავტოსადგომი მიასნიკიანის ქუჩაზე
ავტოსადგომი თავისუფლების ქუჩაზე
ახალქალაქში მანქანების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რაც ქალაქში მოძრაობას ართულებს, განსაკუთრებით ზამთარში და წინასადღესასწაულო პერიოდში.
„ტროტუარები გაუვალი გახდა, რადგან მძღოლები ტროტუარებზე ჩერდებიან და ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან იარონ შუა ქუჩაში. საცობების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პარკინგის გამოყენება. ჩვენი ხალხი ცოტა სხვაგვარად ფიქრობს: თუ შეიძლება, რომ ფული არ გადაიხადო, მაშინ რატომ გადაიხადო, თუ ყველა ასე იფიქრებს, მაშინ საცობებს ვერ ავიცილებთ თავიდან“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც საკუთარი თავის წარდგენა არ ისურვა.
როგორც ფოტოზე ჩანს, მიასნიკიანის ქუჩაზე პარკირების ამკრძალავი აბრის ქვეშ უამრავი მანქანაა გაჩერებული. რაც ამ ქუჩაზე გადაადგილებას ართულებს.
ამასთან, Jnews-თან საუბარში, მიასნიკიანისა და თავიაუფლების ქუჩებზე მდებარე ავტოსადგომების მფლობელები აღნიშნავენ, რომ ავტოსადგომებზე ძალიან ცოტა მძღოლი ჩერდება.
„მართალია, არიან მძღოლები, რომლებიც ავტოსადგომით სარგებლობენ, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა“.
გევორგ ჯანოიან