„დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს ასევე შეუერთდა სტუდენტთა ნაწილიც.

გაერთიანებული საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, მსვლელობას კვლავ გააგრძელებს. აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის წინ საავტომობილო გზაც სრულად გადაკეტეს.

მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე მხარდაჭერის მიზნით, აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარებიც ჩამოთვალეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

საპროტესტო მსვლელობაში ცნობილი მზარეულები, აქტივისტები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც, წარწერით -„არჩევნები“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით“, „ცეცხლი ჭამეთ“, არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“. ასევე ბანერები, რომელზეც მიმდინარე აქციების დროს დაშავებული და ნაცემი დემონსტრანტები არიან გამოსახულები.

აქციის მონაწილეებს ასევე თან აქვთ საოჯახო ინვენტარი – ტაფები და ქვაბები.

პროტესტის მონაწილეები, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მოჰყვებოდა.

ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.

ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.

აქციათა ციკლის მოთხოვნები უცვლელია – აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებსა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ.