არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ნაცემი ბიჭის სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც დაკავებული დიღმის იზოლატორში 35 საათის განმავლობაში ითხოვდა სამედიცინო დახმარებას.

საქმე ეხება 4 დეკემბერს, გამთენიისას, დაკავებულ და ნაცემ ბიჭს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაჟინებით ითხოვდნენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ბოლოს კი იგი სასამართლოს შენობიდან გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო.

“უფლებები საქართველოს” ცნობითვე, პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო.

“მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, ხოლო „უფლებები საქართველოს” ადვოკატს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება უკვე გამოძახებული იყო. თუმცა, 112-ის ოპერატორთან დარეკვისას ადვოკატმა დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება არ იყო გამოძახებული. ადვოკატს თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება.

მიუხედავად ადვოკატის მიერ დაკავებულის მდგომარეობის აღწერისა, სასწრაფო დახმარება თავდაპირველად კვადროციკლით გამოცხადდა, შეაფასა ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი. ასევე, შესთავაზა ადვოკატსა და ოჯახს, დაკავებული კლინიკაში თვითდინებით მიეყვანათ. ამგვარ შემთხვევაში, ყველა სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯი ახალგაზრდას დაეკისრებოდა (მსგავსი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა). მხოლოდ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნაცემი ახალგაზრდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა”, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.